22 დეკემბერი 2024,   17:10
ვრცლად
ოპოზიციის მოთხოვნას, აფგან მუხთარლის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნაზე, უმრავლესობა პოლიტიკურ შოუს უწოდებს

პროკურატურას უნდობლობას უცხადებს და აფგან მუხთარლის საქმეზე პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნას კვლავ ითხოვს ოპოზიცია. რეზონანსული საქმის მნიშვნელობიდან გამომდინარე, დეპუტატები ღია საპარლამენტო კონტროლის აუცილებლობაზე მიუთითებენ.

„შეიქმნას არასამთავრობოებისგან დაკომპლექტებული საგამოძიებო კომისია და განტევების ვაცის სცენარი არ გათამაშდეს. ახლა ვიღაცეებს ხსნიან იმისთვის, რომ გამოაჩინონ, რომ პრინციპულად იქცევიან, სინამდვილეში ეს ასე არ არის. გამოძიების იმედი არ მაქვს, იქნება ალბათ პროცესის გაწელვის ტაქტიკა არჩეული,“ - ამბობს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრი, ნიკა რურუა.

ხელისუფლების მხრიდან კვალის არევის მცდელობაზე საუბრობს „ევროპული საქართველო.

„მოთხოვნას, რომ პარლამენტის საგამოძიებო კომისია შეიქმნას და მან ჩაატაროს სრულფასოვანი გამოძიება, არაფერს არ ცვლის, იმიტომ, რომ ახლა უკვე რითიც არის დაკავებული პროკურატურა, შინაგან საქმეთა სამინისტრო და ყველა, არის წაშალონ ის კვალი, რაც ამ საქმეს ჰქონდა. ეს განცხადება, რაც გააკეთა შს მინისტრმა, უბრალოდ კიდევ ერთი კვალის ამრევი ნაბიჯია,“ - აცხადებს ზურაბ ჭიაბერაშვილი.

ოპოზიციისა და აფგან მუხთარლის ადვოკატის მოთხოვნას, საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით, არ იზიარებს საპარლამენტო უმრავლესობა. ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ გამოძიების მწარმოებელმა უწყებამ კომიტეტს ანგარიში არ უნდა წარუდგინოს. სოფო კილაძის შეფასებით, პარლამენტის მსჯელობა აზერბაიჯანელი ჟურნალისტის გაუჩინარების საქმეზე, შოუ იქნება.

„ოპოზიციამ შეიძლება ჩაიწეროს ამაზე პოლიტიკური ქულები, თორემ საზოგადოებისთვის მე ვფიქრობ, რომ ვერავითარი დამატებითი არგუმენტი ვერ იქნება მიწოდებული, რაც რა თქმა უნდა, ეწინააღმდეგება პარლამენტის ფუნქციონირების პრინციპებს. ამიტომ, კომიტეტის ჩატარება შოუს მოწყობისთვის მე არ მიმაჩნია მიზანშეწონილად,“ - განაცხადა სოფიო კილაძემ.

დღის ამბები