06 ოქტომბერი 2024,   22:23
ვრცლად
"რუსეთის ქმედებები მიუღებელია მრავალი კუთხით" - კონგრესმენი ჯერი კონოლი

419 - 3-ის წინააღმდეგ - კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ რუსეთის, ჩრდილოეთ კორეისა და ირანის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებას მხარი დაუჭირა. დოკუმენტში საუბარია რუსეთის აგრესიულ ქმედებებზე, საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერასა და შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებში მოსკოვის ჩარევაზე. კანონპროექტის თანახმად, პრეზიდენტს სანქციების რეჟიმის ერთპიროვნულად შეცვლის უფლება აღარ ექნება.

დოკუმენტში აღნიშნულია რუსეთის, როგორც ოკუპანტი სახელმწიფოს სტატუსი, რომელიც არ ასრულებს 2008 წლის აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას. კანონმდებლები ასევე ავალდებულებენ პრეზიდენტ ტრამპს, რომ მან პუტინის ხელისუფლებას საქართველოდან, უკრაინიდან და მოლდოვიდან ჯარების გაყვანა მოსთხოვოს.

"რუსეთის ქმედებები მიუღებელია მრავალი კუთხით. ის თავს ესხმის მეზობელი ქვეყნების სუვერენულ ტერიტორიას. საქართველოს, უკრაინას ყირიმის ჩათვლით. სანქციები უნდა გაგრძელდეს მანამ, სანამ ეს უკანონო ანექსიები არ დასრულდება,“ - განაცხადა კონგრესმენმა, ჯერი კონოლიმ.

წარმომადგენელთა პალატის მიერ რუსეთის წინააღმდეგ ახალი კანონპროექტის მიღებას უკვე გამოეხმაურა ოფიციალური მოსკოვი. ხელისუფლების წარმომადგენლების შეფასებით, სანქციების გაფართოება ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის აღდგენის შესაძლებლობას ძირს უთხრის.

 

დღის ამბები