06 ოქტომბერი 2024,   22:28
ვრცლად
სააკაშვილის გუნდი პოროშენკოს ადმინისტრაციისგან მოქალაქეობის ჩამორთმევის დამადასტურებელი დოკუმენტის გასაჯაროებას მოითხოვს

უკრაინაში სააკაშვილის პოლიტიკური გუნდის წევრები ქვეყნის პროკურატურისგან იმ ინფორმაციის გასაჯაროებას მოითხოვენ, რომელიც პოროშენკოს მხარდამჭერი დეპუტატების განცხადებით მათ თბილისიდან მიიღეს.

"ახალი ძალების მოძრაობა" პოროშენკოს ადმინისტრაციისგან მოქალაქეობის ჩამორთმევის დამადასტურებელი დოკუმენტის გასაჯაროებასაც მოითხოვს. სააკაშვილის გუნდის წევრები სამართლებრივი ბრძოლის გაგრძელებაზე საუბრობენ და კიევში პერმანენტულ საპროტესტო აქციებს აანონსებენ.

პარტიის მხარდამჭერები თბილისის დროით სამის ნახევარზე დღეს კიევის ცენტრში პირველ ასეთ აქციას გამართავენ.

ამ წუთებში მიხეილ სააკაშვილის თანაგუნდელები კიევში პარტიის ოფისში იკრიბებიან, ისინი აქტივისტებთან ერთად, პირველი საპროტესტო გამოსვლისთვის ემზადებიან.

როგორც ლიდერები ამბობენ, დღევანდელ გამოსვლას ორი მიზანი ექნება. ისინი ერთის მხრივ, შეეცდებიან გააპროტესტონ გადაწყვეტილება, რომელიც იქნა მიღებული მიხეილ სააკაშვილის მოქალაქეობასთან დაკავშირებით და მეორეს მხრივ კი შეეცდებიან ოფიციალური უწყებებიდან მიიღონ ოფიციალური პასუხი იმასთან დაკავშირებით თუ რა გახდა მიხეილ სააკაშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის საფუძველი.

ოფიციალური დოკუმენტების მიღების შემდეგ, მიხეილ სააკაშვილის პარტიის იურისტები დაიწყებენ სამართლებრივ ბრძოლას. ისინი გეგმავენ უკრაინის სასამართლოსაც მიმართონ, რათა უკრაინის პრეზიდენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება საერთაშორისო დონეზე გაასაჩივრონ.

„ხელისუფლების ამ ნაბიჯს დიქტატურისკენ მივყავართ, რადგან წარმოუდგენელია, რომ 21-ე საუკუნეში ალტერნატიული პოლიტიკური შეხედულება მიუღებელი იყოს და მას მოქალაქეობის ჩამორთმევით ებრძოდნენ. ეს შეიძლება ნებისმიერ სხვას დაემართოს. ეს ჩვენთვის ჩვენს საკუთარ უფლებებსა და თავისუფლებებზე შეტევას ნიშნავს. ჩვენი პოზიცია ცალსახაა, რომ მიხეილ სააკაშვილი დღეს პოლიტიკური ოპოზიციის ლოკომოტივია და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ის აქ ჩამოვიდეს,“ - განაცხადა ივან სლოდიანიუკიმ.

დღის ამბები