06 ოქტომბერი 2024,   22:27
ვრცლად
მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად უკრაინული ოპოზიციური პარტიები ერთიანდებიან

მიხეილ სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევას, მისი მომხრეები დღეს საიმიგრაციო სამსახურთან გააპროტესტებენ. სააკაშვილის თანაპარტიელები, ოფიციალურ დოკუმენტაციას ითხოვენ, რის საფუძველზეც პოროშენკოს მთავარ ოპონენტს უკრაინის მოქალაქეობა შეუწყდა.

პარალელურად, სააკაშვილის მხარდასაჭერად ერთიანდებიან, უკრაინული ოპოზიციური პარტიები, რომლებიც ერთობლივი მასშტაბური საპროტესტო აქციებისთვის ემზადებიან და უკრაინაში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსთან შეხვედრის მოთხოვნით, საგანგებო წერილსაც ამზადებენ.

ოპოზიციის ლიდერები მიიჩნევენ, რომ უცხოელ დიპლომატებს არ უნდა ჰქონდეთ მხოლოდ ცალმხრივი ინფორმაცია, რომელსაც ისინი პრეზიდენტ პოროშენკოსა და მისი ადმინისტრაციის წარმომადგენლების მხრიდან იღებენ.

„როდესაც სააკაშვილს მოქალაქეობას ანიჭებდნენ, მაშინ პოროშენკომ ხმაურიანი პიარი მოიწყო, ამაყობდა რომ უკრაინაში რეფორმატორი პრეზიდენტი ჩამოიყვანა. მაშინაც ცნობილი იყო, რომ სააკაშვილის წინააღმდე საქართველოში სისხლის სამართლის საქმეს აწარმოებდნენ. ახლა რომ საწინააღმდეგოს ამბობენ, ტყუილი და მლიქვვნელობაა. წესით ის აეროპორტში უნდა დააკავონ და საქართველოში გაადეპორტონ, სცენარი ასეთია, თუ აეროპორტში დააკავებენ, მისი ფიზიკური დაცვაც კი შეუძლებელი იქნება, რადგან სატრანზიტო ზონიდან გადაიყვანენ ოთახში და შეუძლიათ პირდაპირ დასვან თვითმფრინავზე და ისე გაამგზავრონ, რომ ვერავინ გაიგებს. ასე რომ, ეს ყველაფერი გამიზნულად გაკეთდა იმ დროს, როდესაც სააკაშვილი ამერიკაში იმყოფებოდა, რომ არ დაეშვათ მისი უკრაინაში დაბრუნება,“ - აცხადებს რადას დეპუტატი სერგეი ლეშენკო.

რადას ოპოზიციონერი დეპუტატების განცხადებით, მიხეილ სააკაშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევამ შესაძლოა ქვეყანაში ვითარება ისევ დაძაბოს და ქვეყანა სამოქალაქო დაპირისპირების ზღვარზე მივიდეს. 

მიხეილ სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევის შემდეგ, უკრაინელი პოლიტიკოსების ნაწილი აცხადებს, რომ უკრაინაში დაბრუნების შემთხვევაში, შესაძლოა სააკაშვილის საქართველოში დეპორტაცია მოხდეს, მეორე ნაწილი კი ამბობს, რომ შესაძლებელია, მიხეილ სააკაშვილის საზღვარზე დაკავება, თუმცა მას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა იმისა, რომ გაიაროს სამართლებრივი პროცედურები შემდგომი სტატუსის მისაღებად.

„თუ ამაზე რეაგირებას არ მოვახდენთ, აღმოვჩნდებით რისკის წინაშე, რომ ისევ დაიწყება დაპირისპირება და საზოგადოებრივი პროტესტი, რაც ჩვენ არ გვინდა. იურიდიულად საკააშვილს აქვს უკრაინული პასპორტი და თუ დაბრუნდება, საზღვარზე შეუძლიათ დაახვედრონ საიმიგრაციო სამსახურის წარმომადგენელი, რომელიც მას გადასცემს ცნობას და ჩამოართმევს პასპორტს. იურიდიულად მას ვერც იქ ვერ გააჩერებენ და ვერც აქ. ჩამოსვლის შემთხვევაში, მას შეუძლია მოითხოვოს გარკვეული სტატუსი - ანუ პირის, რომელიც დაცვას ითხოვს და ამ შემთხვევაში, პროცესი დროში გაჭიანურდება. ამ გზით დღესვე შეუძლია ჩამოვიდეს, იმუშაოს და გააგრძელოს პოლიტიკური მოღვაწეობა, მაგრამ არჩევნებში მონაწილეობას ვეღარ მიიღებს,” - განაცხადა რადას მუსტაფა ნაემიმ.

დღის ამბები