17 მაისი 2024,   15:27
ვრცლად
ისნის ბაზრობაზე გაჩენილი ხანძრით მიყენებულ ზიანს ამ დრომდე ითვლიან

ისნის ბაზრობაზე გაჩენილი ხანძრით მიყენებულ ზიანს ამ დრომდე ითვლიან. მოვაჭრეებს დამწვარი ტერიტორიის დათვალიერების უფლება დღის ბოლოს მისცეს.

ზარალის ზუსტი ოდენობა ჯერჯერობით უცნობია. ანაზღაურების საკითხზე მეწარმეები შეხვდნენ ბაზრობის ადმინისტრაციას. დირექტორის გაცხადებით, მოვაჭრეებს ზარალს იმ შემთხვევაში აუნაზღაურებენ, თუკი გამოძიება ადმინისტრაციის ბრალეულობას დაადგენს.

„არ ვიცი მე, ვარაუდებით ვერ ვიქნები. ეს დივერსია არის, ეს არის უბედური შემთხვევა, დაადგენს გამოძიება. სინამდვილეში არის 40 ჯიხურამდე, 38 ჯიხური არის დამწვარი და დაახლოებით 40 ადამიანი იქნება მაქსიმუმ, ნახევარი ჯიხურები კიდევ გაშავებულია, წყალმა დააზიანა, ალბათ და ამის დათვლა მიდის,“ - აცხადებს ბექა მახარაძე.

თუმცა დახმარების გაწევას დაზარალებულებს ადმინისტრაცია მანამდეც ჰპირდება.

„იმის გარდა, რომ პასუხისმგებლობა ვის დაეკისრება, ვის არა, ჩვენ არ გავურბივართ ამ ხალხთან პასუხისმგებლობას. ფინანსური საშუალებები როგორც მოგვცემს საშუალებას, იმისდა მიხედვით აუცილებლად დავეხმარებით,“ - აცხადებს ბექა მახარაძე.

ადმინისტრაციასთან შეხვედრის დასრულების შემდეგ თავად მოვაჭრეები გეგმავენ მერიისთვის მიმართვასაც.

„რაც შეუძლია კომპანიას, გაგვიწევს დახმარებას, რაც არა, უნდა მივმართოთ მერიას. დახმარება იქნება, ფულადიც შეიძლება იყოს და შეიძლება, იყოს მაღაზიების,“ - განაცხადა ერთ-ერთმა დაზარალებულმა, ემზარ ლეთოდიანმა.

დღის ამბები