18 მაისი 2024,   12:29
ვრცლად
საკონსტიტუციო ცვლილებების მესამე მოსმენაზე ირინა ფრუიძე არსებით ცვლილებებს არ ელოდება

პარლამენტი კონსტიტუციას, მესამე მოსმენით სექტემბრის ბოლოს დაამტკიცებს, ისე, რომ ოპოზიციის შენიშვნებს არ გაითვალისწინებს. ამის შესახებ განცხადება, "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს წევრმა ირინა ფრუიძემ გააკეთა.

მისი თქმით, ოპოზიციასთან დიალოგის ყველა რესურსი ამოწურულია და ულტიმატუმების ფონზე მოლაპარაკებების გაგრძელებას აზრი აღარ აქვს.

"ქართული ოცნება" იმედოვნებს, რომ მმართველი პოლიტიკური გუნდის მიერ დამტკიცებული ქვეყნის მთავარი კანონი ვენეციის კომისიის დადებით შეფასებას დაიმსახურებს.

„საკონსტიტუციო პროექტის განხილვა სავარაუდოდ ამ თვის ბოლოს იქნება, მას შემდეგ რაც გავა კანონით დადგენილი ვადები წინა მოსმენის შემდეგ. მოგეხსენებათ, ეს არის მესამე მოსმენა და არსებით ცვლილებებს ჩვენ უკვე არ უნდა ველოდოთ მესამე მოსმენისთვის. თქვენ როგორც იცით, ოპოზიცია გველაპარაკება ულტიმატუმის ენით. ამ ენით საუბრის შემთხვევაში, ჩვენ ალბათ დიალოგზე ვერ ვილაპარაკებთ, იმიტომ რომ მოგეხსენებათ, დიალოგი არის იმ შემთხვევაში, როდესაც ორივე მხარე მზად არის გარკვეულ დათმობებზე წავიდეს. ამ შემთხვევაში სამწუხაროდ, ოპოზიციისგან ჩვენ ეს მზაობა ვერ დავინახეთ და ფაქტობრივად ამოწურულია ეს რესურსი,“ - აცხადებს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირინა ფრუიძე.

დღის ამბები