21 მაისი 2024,   20:58
ვრცლად
მმართველი გუნდი პრეზიდენტის პასუხის მოლოდინში - ოპოზიცია "ქართული ოცნების" შეთავაზებას გადაბირების მცდელობად აფასებს

დათანხმდება თუ არა პრეზიდენტი მმართველი გუნდის წინადადებას. საპარლამენტო უმრავლესობა გიორგი მარგველაშვილის გადაწყვეტილების მოლოდინშია. უმრავლესობა გადაუნაწილებელ მანდატებზე ბონუსების სისტემის გაუქმებასა და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის, ერთჯერადად, საარჩევნო ბლოკების შენარჩუნებას აპირებს.

ირაკლი კობახიძე პრეზიდენტს სწორედ ამ ორი საკითხის მოტივირებული შენიშვნების სახით წარდგენას სთხოვს.

“ჩვენ კიდევ ერთხელ პირადად შევეცდებით მის დარწმუნებას, რომ შეთავაზებული ორი საკითხი შესაძლებელია ვეტოს ფარგლებში მოექცეს და ამით ჩვენ გავამარტივებთ პროცედურას და ამავდროულად, ვენეციის კომისიის მიერ მოწონებულ საკითხებს მარტივად მოვაგვარებთ. ეს არის ის საკითხები, რომელსაც ეთანხმებოდა არა მხოლოდ ვენეციის კომისია, არამედ მთლიანად ქართული პოლიტიკური ოპოზიციური სპექტრი, არასამთავრობო სექტორი, მათ შორის ის ადამიანები, რომლებიც მწვავედ აკრიტიკებდნენ ახალ კონსტიტუციას,“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ოპოზიციაში კი „ქართული ოცნების“ წინადადებას პრეზიდენტის გადაბირების მცდელობად აფასებენ. დეპუტატების განცხადებით, უმრავლესობას მნიშვნელოვანი საკითხების დათმობა არ სურს.

პარტიები პრეზიდენტს ვეტოს გამოყენებას ცვლილებების პაკეტზე სრულად სთხოვენ და მმართველ გუნდს ერთპარტიული კონსტიტუციის მიღებაში ადანაშაულებენ.

„ივანიშვილის ხრიკებია ახლა კონკრეტული წინადადებების გადმოყრა იმისთვის, რომ დაირღვეს ერთობა ოპოზიციის რიგებში და ასევე, რამენაირად დაითანხმონ პრეზიდენტი, რომ ამ უკანასკნელმა რამენაირად ვეტო არ დაადოს ამ უვარგის ერთპარტიულ დოკუმენტს,“ - აცხადებს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრი ნიკა რურუა.

ოპოზიციის პროგნოზით, რეფორმირებული კონსტიტუცია რეალობაში ვერ იმუშავებს და ცვლილებების საკითხი უახლოეს მომავალში კვლავ წამოიჭრება.

„ჩვენ მაქსიმალურად შევეცდებით მოვუწოდოთ მას, რომ გამოიყენოს ვეტოს უფლება. რაც შეეხება „ქართული ოცნების“ შეთავაზებას და განცხადებას, კიდევ ერთხელ გამოჩნდა მათი არაკონსტრუქციულობა და კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ მთლიანი პასუხისმგებლობა იმ პოლიტიკური ჩიხისთვის, რომელშიც დღეს ვიმყოფებით, არის „ქართულ ოცნებაზე,“ -ამბობს ”ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის” პოლიტიკური საბჭოს წევრი ლევან თარხნიშვილი.

ამავე თემაზე
დღის ამბები