19 მაისი 2024,   17:27
ვრცლად
ხმაური საკრებულოში - ადგილზე საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები მივიდნენ

თბილისის საკრებულოში საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები მივიდნენ. საკრებულოში ერთმანეთს ოპოზიციისა და „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები დაუპირისპირდნენ. 

დაძაბულობის განეიტრალებას თბილისის საკრებულოს უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები ცდილობდნენ, თუმცა, ახლა ადგილზე საპატრულო პოლიციის რამდენიმე ჯგუფი მივიდა.

პოლიციის მისვლასთან დაკავშირებით განმარტება თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოსთვის“ წევრმა, ჯაბა ჯიშკარიანმა გააკეთა. 

„მგონი, ჭკუა გიჭრით, იმდენი განათლება გაქვთ, რომ უნდა ხვდებოდეთ, რომ ხვდებოდეთ, რატომ არის პოლიცია გამოძახებული. საკრებულოს შენობა ბალმასკარადების და შოუების მოწყობის ადგილი არ არის. პოლიცია სახელმწიფოსა და ხალხის სამსახურში დგას,“- განაცხადა თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოსთვის“ წევრმა, ჯაბა ჯიშკარიანმა. 

საკრებულოს სხდომაზე ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილის კომპანიისთვის მიწების გადაცემის საკითხზე უნდა იმსჯელონ. საუბარია პუშკინის სკვერის მიმდებარედ 1 900 კვ. მეტრი მიწის ნაკვეთის და ასევე, ბოტანიკურის მიმდებარედ 5000 კვ მეტრზე თაბორის მთაზე.  

ოპოზიცია მიწის ნაკვეთის ბიძინა ივანიშვილისთვის გადაცემას აკრიტიკებს. რამდენიმე წუთის წინ ოპოზიციის წევრები საკრებულოს სხდომათა დარბაზიდან გააძევეს, რასაც ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.

დღის ამბები