სოფელ აღაიანში ერთი თვის წინანდელი ხანძრის მიზეზები დადგენილი არ არის. მომხდარზე არც გამოძიება დასრულებულა. ადგილობრივებს ეჭვი აქვთ, რომ ტერიტორია განგებ გადაწვეს, რომ ადგილზე ინერტული მასალების მოპოვების უფლება მიეღოთ.
სოფლის გამგებელი ადასტურებს, რომ კერძო კომპანიებმა ინერტული მასალების მოსაპოვებლად ინტერესი ხანძრამდეც გამოხატეს, რაზეც უარი მიიღეს და ადგილობრივ ხელისუფლებას ხანძრის შემდეგ, მოკლე დროში ახალი წინადადებით დაუკავშირდნენ.
სოფელ აღაიანში ინერტულ მასალებს 15 წელზე მეტია, რაც მოიპოვებენ. ლიცენზიებს კი, გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტო გასცემს.
გარემოს დაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ აღაიანში საგანგაშო არაფერი ხდება.
ინერტული მასალების მოსაპოვებლად გამზადებული გადამწვარი ტერიტორიის გარდა, ადგილობრივები აცხადებენ, რომ მიწის ამოღების შედეგად მდინარე ქსანმა კალაპოტი შეიცვალა და აღაიანელებიც წყლის გარეშე დარჩნენ.
სარწყავ არხს დაშორებულმა ქსანმა, მრავალრიცხოვანი კარიერების არასწორი დამუშავების შედეგად, აღაიანს გვერდი აუარა. ადგილობრივები კი, ამ ფონზე გაუდაბნოების რეალურ საშიშროებაზე საუბრობენ.
გადათხრილი ტერიტორიები, უწყლობა, ამორტიზებული გზები - ამ პრობლემებთან ერთად, აღიანელები ახლა ეკოლოგიური კატასტროფის მოლოდინში არიან. ჭალას, რომელიც სოფლისთვის ერთადერთი გამწვანებული ტერიტორია იყო, ახლა სამშენებლო მასალების გროვად გადაქცევა ემუქრება.