უკიდურესად დაძაბული ვითარება კატალონიაში - ესპანეთის პოლიცია კატალონიელებს დამოუკიდებლობის რეფერენდუმის ჩატარების საშუალებას არ აძლევს. ესპანელი სამართალდამცველებს თითქმის ყველა საარჩევნო უბანი ალყაში აქვთ მოქცეული.
პოლიცია საარჩევნო უბანზე მისული ხალხის დასაშლელად რეზინის ტყვიებს და სხვა სპეცსაშუალებებს იყენებს. ადგილზე მყოფი ჟურნალისტების ინფორმაციით, არეულობის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა. რამდენიმე უბანზე სროლის ხმაც ისმოდა.
ესპანეთის ხელისუფლებამ პირობა დადო, რომ დამოუკიდებლობის რეფერენდუმი კატალონიაში არ ჩატარდება და არალეგალური კენჭისყრის აღსაკვეთად რეგიონში პოლიციის დამატებითი ძალები გაგზავნა.
უბანი სადაც კატალონიის პრეზიდენტი ხმის მისაცემად უნდა მისულიყო, რეფერენდუმის მომხრეთა ალყაში იყო.
იმ 7 ათასზე მეტ მოხალისეს კი, რომელსაც საარჩევნო უბნებზე მუშაობა და ბიულეტენების დათვლა ევალებათ პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ კანონის დარღვევის ბრალდება და სოლიდური ჯარიმა ემუქრებათ.