20 ნოემბერი 2024,   21:29
ვრცლად
ვიბრძოლებთ გამარჯვებამდე - ნიკა მელია თბილისის მერიასთან გამართულ აქციაზე საუბრობს

„სამწუხაროდ, უმეტესი მათგანი უბრალოდ, ასრულებს იმ დავალებას, რომელიც დანაშაულის ტოლფასია,“ - ასე აფასებს ენმ-ის ლიდერი, ნიკა მელია თბილისის მერიასთან მოქალაქეებსა და სამართალდამცავებს შორის მომხდარ დაპირისპირებას.

მელიას თქმით, თბილისელები ამას არ შეეგუებიან.

„ამას ან შევეგუებით ან ვიბრძოლებთ გამარჯვებამდე და მე დარწმუნებული ვარ, რომ ასი ათასობით თბილისელი, უახლოეს პერიოდში ძალიან ძლიერ ხმას გააგებინებს ბიძინა ივანიშვილის ამ ადამიანებს, რომლებიც უბრალოდ, მათ კლანს ემსახურებიან,“ - აცხადებს ნიკა მელია.  

თბილისის მერიასთან აქცია ამ დრომდე მიმდინარეობს, თუმცა, აქციის მონაწილეებს სატრანსპორტო გზა აღარ აქვთ გადაკეტილი. 

მერიასთან გამართულ აქციაზე სამართალდამცავებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება რამდენჯერმე მოხდა. ოპოზიციონერების განცხადებით, სამართალდამცავებმა აქციის მონაწილეებზე ფიზიკურად იძალადეს.

შსს-ს ინფორმაციით, ამ დროისთვის 3 ადამიანია დაკავებული. 

თბილისის მერიასთან „ნაციონალური მოძრაობის“ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ოპოზიციური პარტია მხარდამჭერებთან ერთად, საკრებულოს გადაწყვეტილებას აპროტესტებს, რომლის მიხედვითაც, ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის კომპანიას, მიწის ნაკვეთების სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად გადაეცემა.

თბილისის მერიასთან ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა. ოპოზიციური პარტიის ლიდერებმა მერიის შენობაში შესვლა სცადეს. სამართალდამცველებმა ცოცხალი ჯაჭვი შეკრეს და მთელს პერიმეტრს აკონტროლებენ. ასევე მერიის ყველა შესასვლელს საპატრულო პოლიცია და უსაფრთხოების სამსახური იცავს. 

დღის ამბები