საქართველოს და პორტუგალიის პრეზიდენტებმა პირისპირ და გაფართოებული შეხვედრების შემდეგ მედიისათვის ერთობლივი განცხადებები გააკეთეს. გიორგი მარგველაშვილმა პორტუგალიის რესპუბლიკის პრეზიდენტს მარსელო რებელო დე სოუზას გულთბილი დახვედრისა და მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ შეხვედრებზე ჩვენს სახელმწიფოებს შორის არსებული პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული კავშირების გაღრმავების საკითხები განიხილეს. საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, პორტუგალია საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდამჭერია.
„იქნება ეს ნატო-ში ინტეგრაცია, იქნება ეს ევროპული ინტეგრაციის პროცესი, ყველა ამ საკითხზე ჩვენ პორტუგალიისგან გვაქვს მტკიცე პრინციპული მხარდაჭერა,“-განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა ერთობლივი პრესკონფერენციის დროს.
გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, დღეს ჩვენი ქვეყნები საერთო გამოწვევების წინაშე დგანან. საქართველო კვლავაც რჩება მნიშვნელოვან კონტრიბუტორად ჩვენი საერთო ევროპული და ევროატლანტიკური ოჯახის უსაფრთხოებაში. საქართველოს პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ საქართველოს შემდგომი ინტეგრაცია ევროკავშირსა და ნატო-ში მოიტანს მეტ სტაბილურობას და ახალ შესაძლებლობებს გახსნის ევროპისა და აზიის თანამშრომლობისათვის.
საქართველოს პრეზიდენტმა პორტუგალიის პრეზიდენტი საქართველოში საპასუხო ვიზიტით მოიწვია.