ნევროზიანი და გაკოტრებული პოლიტიკოსები, რომლებსაც სურთ წინასაარჩევნოდ ყურადღების მიპყრობა. ასე გამოეხმაურა პრემიერმინისტრი მერიასთან გუშინ გამართულ "ნაციონალური მოძრაობის" აქციას. გიორგი კვირიკაშვილმა ვრცლად ისაუბრა "პანორამა თბილისის" იმ პროექტზე, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი ახორციელებს და იმ სადავო საკითხებზე, რასაც ოპოზიციური პარტიები ბოლო რამდენიმე დღეა საკრებულოსა და მერიასთან აპროტესტებენ. პრემიერმა თანაგუნდელებსაც უსაყვედურა და ოპოზიციის ქმედებებზე მკაცრი კრიტიკა მოსთხოვა.
„არ ვიცი, რა დავარქვა ამას. არსებობს პოლიტიკური, ადამიანური უსინდისობა და არსებობს ზღვარი ყველაფერ ამის. რასაც ჩვენ ვხედავთ, ეს არის ყველაფერი ამ ზღვარს იქით გადასული ადამიანები. მე მათ პოლიტიკოსებსაც ვერ დავარქმევ, რადგან ისინი არიან აშკარად წარსულის პოლიტიკოსები, გაკოტრებული პარტიისა და გაკოტრებული ლიდერის მიმდევრები, რომლებიც ცდილობენ, რომ ტყუილებით და უსინდისობით მიიპყრონ ყურადღება," - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.
პრემიერის თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ არის გაკოტრებული პოლიტიკური ძალა, რომელიც მსგავსი აქციებით ცდილობს ყურადღება მიიპყროს.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს უნდათ, რომ წარმოაჩინონ და მათ მიმდევრებს, არ ვიცი რამდენი ადამიანი იყო სულ, რომლებმაც მოინდომეს, რომ გზა გადაეკეტათ და პარალიზება მოეხდინათ ერთ-ერთი ქუჩის. სხვათაშორის, მე ვფიქრობ, რომ საჭიროა საზოგადოებრივი წესრიგი დავიცვათ უფრო კარგად.
"ტყუილების კასკადი 2011 წელს დაიწყო და დღემდე მოდის. ჯერ იყო, რომ ვართ პრორუსები, ვერავინ ვერ დააჯერეს, ამას შემდეგ მოჰყვა მთელი კასკადი ტყუილების, გაკოტრდნენ პრაქტიკულად და ვეღარაფერი რომ ვეღარ გაუკეთებიათ, რაღაცით ხომ უნდა მიიპყრონ ყურადღება. ხუთი ნევროზიანი პოლიტიკოსი გამოდის და აბრიალებს თვალებს და ყვირის,“ - აცხადებს კვირიკაშვილი.
პრემიერმა თბილისის საკრებულოს მიერ მიღებულ იმ გადაწყვეტილებაზეც ისაუბრა, რომლის მიხედვითაც საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრის ბიძინა ივანიშვილის კომპანიას თბილისის ცენტრში - პუშკინის სკვერსა და თაბორის მთაზე მიწის ნაკვეთები 1 ლარად გადაეცა.
გიორგი კვირიკაშვილი ამბობს, რომ საუბარია პარკინგის აშენებაზე, რომელიც სჭირდება ქალაქს. რაც შეეხება თაბორის მთას, კვირიკაშვილის თქმით, ბიძინა ივანიშვილის მეშვეობით „გახრიოკებული ადგილის გამწვანება მოხდება“.