თბილისის მერიასთან გუშინ განვითარებულ მოვლენებზე განმარტებას აკეთებს თბილისის მერის მოადგილე ნინო ხატისკაცი. ნინო ხატისკაცის თქმით, გუშინდელი აქციის შედეგად, რომელიც "ნაციონალურმა მოძრაობამ" მხარდამჭერებთან ერთად გამართა, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებმა მერიაში შესვლა დღეს ვერ შეძლეს, რადგან პანდუსები დაზიანებულია.
„გუშინდელი აქციის მიმდინარეობისას თავიდან ბოლომდე დაზიანდა მერიის შესასვლელი. მოხდა განადგურება, როგორც ნარგავების, ასევე შესასვლელის ადაპტირებული ნაწილის. იყო ძალიან დაძაბული სიტუაცია, ალბათ დეტალები უნდა გავარკვიოთ. იმიტომ, რომ როდესაც ადამიანთა ჯგუფი ცდილობს შენობაში შესვლას, რა თქმა უნდა, შესაბამისი უწყებები შეეცდებიან, რომ შენობა დაიცვან,“-აცხადებს ხატისკაცი.
თბილისის მერის მოადგილემ იმ კითხვასაც უპასუხა, ჰქონდათ თუ არა პარლამენტისა და საკრებულოს წევრებს თბილისის მერიის შენობაში შესვლის უფლება.
„თქვენ მისვამთ ისეთ კითხვას, რომელზე პასუხიც თქვენ ჩემზე კარგად იცით, თუმცა გააჩნია გამოხატვის ფორმას, გააჩნია იმას, როგორ ცდილობ, რა ფორმებით ცდილობ და რამდენად რეალურად გინდა დიალოგი და არ გინდა აურზაურის ატეხვა,“ - განაცხადა ხატისკაცმა.