სახალხო დამცველმა მერიასთან გუშინ განვითარებული მოვლენები შეაფასა. ომბუდსმენი ადასტურებს, რომ დედაქალაქის მერიასთან გამართულ აქციაზე დაკავებულებს დაზიანებები ნამდვილად აღენიშნებათ.
ომბუდსმენის თქმით, დაკავებულები სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებმა მოინახულეს. ომბუდსმენის აპარატმა დოკუმენტაცია გამოითხოვა, რათა მომხდარი დეტალურად შეისწავლონ.
„ის, რომ რამდენიმე დაკავებულს აქვს დაზიანებები კუნთზე და ერთ-ერთ მათგანს ფიქსატორი გაუკეთეს, რომელიც 10 დღის განმავლობაში უნდა ატაროს, მიუთითებს, რომ აქციის დაშლის დროს, მინიმუმ, რამდენიმე დაკავებულს გარკვეული დაზიანება მიადგა და ეს საგამოძიებო ორგანოების მხრიდან არის შესასწავლი," - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.
მისივე შეფასებით, აქციაზე პარლამენტის წევრების უფლებები დაირღვა, როდესაც ისინი დედაქალაქის მერიაში არ შეუშვეს.
"დეპუტატებს აქვთ უფლება, შევიდნენ ყველა ადმინისტრაციულ ორგანოში და მათი უფლება არის დარღვეული,“ - აღნიშნა ომბუდსმენმა.
განცხადებები უჩა ნანუაშვილმა მისი ახალი კამპანიის პრეზენტაციაზე გააკეთა.