ომბუდსმენის ახალი კამპანიის „საზოგადოება წამების წინააღმდეგ“ პრეზენტაცია გაიმართა. უჩა ნანუაშვილმა სისტემური ცვლილებების საჭიროებებზე ისაუბრა. სახალხო დამცველის შეფასებით, აუცილებელია დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანო შეიქმნას, რომელიც სამართალდამცავების მიერ ჩადენილ დანაშაულებებს შეისწავლის.
კამპანიის ფარგლებში, ომბუდსმენის აპარატი შექმნის სამართალდამცავთა მხრიდან მოქალაქეთა არასათანადო მოპყრობის მსხვერპლთა სამოქალაქო ქსელს.
„ბოლო სამი წლის განმავლობაში შსს-სა და პროკურატურაში სახალხო დამცველის მოთხოვნით 60 ფაქტზე დაწყებულ არცერთ გამოძიებას რეალური შედეგი არ მოჰყოლია. ხშირია სამართალდამცავების მხრიდან კანონის მოთხოვნათა უხეში დარღვევის ფაქტები და შესაბამისად, მოქალაქეთა საჩივრები. შექმნილი ვითარება არსებული საგამოძიებო სისტემის სერიოზულ ხარვეზსა და ამ სისტემის ძირეული რეფორმის აუცილებლობაზე მიუთითებს. უნდა შეიქმნას რეალურად დამოუკიდებელი სამსახური, რომელიც ქვეყნის სამართალდამცავი სისტემის თანამშრომელთა მიერ ჩადენილ სამართალდარღვევებს გამოიძიებს,“ - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.