„ქართული ოცნების“ აქტივისტებმა, კონკრეტულად ახალგაზრდულმა ფრთამ გიორგი ტიბუას ხელმძღვანელობით, მთლიანად ქალაქში ჩამოხიეს ოპოზიციური პარტიის პლაკატები," - ეს განცხადება „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლმა ანა წითლიძემ გააკეთა. წითლიძის განმარტებით, ზუგდიდის სოფლებსა და რაიონებში ჩამოხეულია ოპოზიციური პარტიის ბანერები.
ანი წითლიძე ასევე აცხადებს, რომ მათ შეხვედრებზე "ქართული ოცნების" სპეციალური ჯგუფი დადის და მათ მომხრეებს უღებენ ფოტოებს და შემდეგ მათი დაშინება ხდება.
„გარდა ამისა, "ქართული ოცნება“ ბოლო რამდენიმე დღეა აქტიურად იყენებს დაშინების მეთოდს,“ - აცხადებს ანა წითლიძე.
საარჩევნო პლაკატების ჩამოხევის ფაქტზე კომენტარი გააკეთა „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა, რომელმაც განაცხადა, რომ ანა წითლიძის მიერ გასაჯაროებულ ფაქტზე ინფორმაციას არ ფლობს. მაიზერ ნანავას თქმით, შტაბს მსგავსი ბრძანება არ გაუცია.
„წლების განმავლობაში "ნაციონალური მოძრაობა" თვითონ ამას აკეთებდა და დღეს იმავე მეთოდებით გვებრძვიან. ჩვენ ვართ მმართველი ძალა, ვგმობთ ამას რა თქმა უნდა, ვანდალიზმია ყველანაირი პლაკატის ჩამოხევა,“ - აღნიშნა მაიზერ ნანავამ.