20 ნოემბერი 2024,   21:30
ვრცლად
ინფლაცია, დაბალი პენსია, უმუშევრობა - რუსთაველები არჩევნებამდე ქალაქში არსებულ პრობლემებზე საუბრობენ

რუსთაველები ქალაქში ძირითად პრობლემად უმუშევრობას ასახელებენ. ადგილობრივების თქმით, ხალხს უჭირს, რაც ვაჭრობაზეც აისახება.

„არაფერი არ იშოვება, რაც იშოვება, იმასაც ცეცხლის ფასი აქვს. ვერაფერს ვერ იყიდი, სამსახურები არ არის,“ - აცხადებს რუსთავის ერთ-ერთი მცხოვრები.

ადგილობრივების თქმით, ხალხი ზოგჯერ საკუთარ პრობლემებზე ხმამაღლა ვერ საუბრობს.

„ეშინია ადამიანს იმიტომ, რომ წინასწარ მოაწერინეს ხელი, რომ ოცნებას მისცეს ხმა,“ - ამბობს ერთ-ერთი რუსთაველი არჩევანთან საუბრისას.

რუსთავში რამდენიმე შენობაში უსახლკაროები თვითნებურად არიან შესახლებულები. მათი თქმით, კანალიზაციის პრობლემა აწუხებთ. ისინი მერიას სთხოვენ, რომ სამშენებლო ნაგავი გაიტანონ შენობებიდან, რომ ელემენტარული საცხოვრებელი პირობები შეიქმნან.

ერთ-ერთი მცხოვრების თქმით, რუსთავის მერთან შეხვედრას 4 თვის განმავლობაში ითხოვდა. შეხვედრის დროს კი მერისგან პასუხად მიიღო, რომ „განა ვერ გავაკეთებთ კი არ მითხრა, არ გავაკეთებთ“.

ახალგაზრდები გასართობი საშუალებების ნაკლებობას უჩივიან. რუსთაველების თქმით, ინფლაციამ არაერთი პრობლემა გამოიწვია. პენსიონერები ამბობენ, რომ წამლების ყიდვასაც კი ვერ ახერხებენ.

 

ავტორი: მაკა ფანქველაშვილი

დღის ამბები