20 ნოემბერი 2024,   21:34
ვრცლად
ნეპოტიზმი, უმუშევრობა და ახალგაზრდებისგან დაცლილი სოფლები - კახეთში მთავარ პრობლემებზე საუბრობენ

„უმუშევრობა, შიმშილი,“ - ამ პრობლემებს კახელები უჩივიან. არჩევანთან საუბრისას ადგილობრივები კახეთში არსებულ ინფრასტრუქტურულ პრობლემებზეც საუბრობენ.

ასევე, აცხადებენ, რომ სოფლის მეურნეობიდან შემოსავალი დიდი არ აქვთ. კაკაბეთში კი სასმელი წყლის პრობლემას უჩივიან.

„ყურძნები მოიყვანეს ხალხმა და ვერ აბარებენ, ფასი არ აქვს,“ - აცხადებს საგარეჯოს მცხოვრები.

კახეთში ძირითად პრობლემად უმუშევრობას ასახელებენ. ასევე, აცხადებენ, რომ სოციალური და ეკონომიკური პრობლემები აწუხებთ. კახელების თქმით, ახალგაზრდებისგან რეგიონები დაცლილია. ასევე, აღნიშნავენ, რომ ძირითად შემოსავალს საზღვარგარეთ წასული ოჯახის წევრებისგან გამოგზავნილი თანხა წარმოადგენს.

„ახალგაზრდები დასაქმებულები არიან? აბა სადაა სამუშაო, რომ დასაქმდნენ?“ – განაცხადა ერთ-ერთმა ადგილობრივმა.

კახეთში ნეპოტიზმზეც საუბრობენ. ისინი ასევე, ყვებიან, რომ ადგილობრივი ხელისუფლება მათ პრობლემებს არ უსმენს. ასევე, ამბობენ, რომ სოციალური დახმარება რიგ შემთხვევებში რეალური მიზეზის არარსებობის მიუხედავად მაინც უწყდებათ.

„ვიღაც უნდა გყავდეთ, რომ დაგასაქმონ. ისე არაფერი გამოდის,“ - აცხადებს ადგილობრივი.

კახეთში ზოგიერთი ადგილობრივი კი კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებს.

დღის ამბები