გიორგი მარგველაშვილი მმართველი პარტიის წევრებს დღეს პრეზიდენტის სასახლეში ელოდება.
საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტთან დაკავშირებით შეხვედრა 16:00 საათზეა ჩანიშნული.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრების თქმით, ისინი კონსულტაციებში ამჯერად ჩაერთვებიან, შეხვედრაზე მისვლას აპირებენ, თუმცა "ქართული ოცნება" საუბარს მხოლოდ მათ მიერვე შეთავაზებულ ორ მუხლზე გეგმავს.
საუბარია გადაუნაწილებელ მანდატებზე ბონუსების სისტემის გაუქმებასა და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის, ერთჯერადად, საარჩევნო ბლოკების შენარჩუნებაზე.
“ის ცვლილებები, რომლებიც უნდა შევიდეს უკვე მიღებულ კონსტიტუციაში და ამ ორი საკითხის ასახვაში შეიძლება იყოს კარგი გზა იმისთვის, რომ მაქსიმალურად დროულად შევიდეს ძალაში. საკითხები, რაც არის ოპოზიციის შემუშავებულ დოკუმენტში ასახული, ამაზე ჩვენი პოზიცია იცით. ამაზე უმრავლეს საკითხებს ჩვენ ვერ გავიზიარებთ, შესაბამისად აქ კონსენსუსზე საუბარი ზედმეტია,“-განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
რა ფორმატში შედგება შეხვედრა და ვინ დაესწრება მას უმრავლესობის მხრიდან - ამ ეტაპზე არ კონკრეტდება. თუმცა ცნობილია, რომ შეხვედრაზე არ იქნება ირაკლი კობახიძე.