ურთიერთობის და საკონსტიტუციო ცვლილებებზე მოსალოდნელი ვეტოს, ტელეკამერების წინ გარკვევის შემდეგ, საპარლამენტო უმრავლესობა და პრეზიდენტი დღეს ერთმანეთს პირისპირ შეხვდებიან. ქვეყნის მთავარ კანონზე სასაუბროდ გიორგი მარგველაშვილი მმართველი გუნდის წევრებს პრეზიდენტის სასახლეში, დღის 16:00 საათზე ელოდება.
მმართველი გუნდის წევრები ამბობენ, რომ პრეზიდენტთან შესახვედრად ფრაქციებისა და საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი პოლიტიკური ჯგუფების ლიდერები წავლენ.
იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას თქმით, პრეზიდენტისთვის ვეტოს თხოვნით მიმართვა, იყო კონსენსუსისთვის მზაობის დემონსტრირება.
„ალბათ ფორმატი უმჯობესია ჩვენი მხრიდან იყოს სწორედ ფრაქციული წარმომადგენლობა ანუ უმრავლესობაში შემავალი პოლიტიკური ჯგუფების და პარტიების ხელმძღვანელები, ამ ფორმატში ვფიქრობთ, რომ იქნება კარგი ეს შეხვედრა. ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ გვჭირდება ეს ვეტო, ჩვენ არ გვითხოვია არავისთვის ამ დამატებითი ცვლილებების თაობაზე შემხვედრი ნაბიჯის გადმოდგმა. ეს იყო ჩვენი მხრიდან არა ჩვენი სურვილის დემონსტრირება, ეს იყო ჩვენი მზაობის დემონსტრირება კონსენსუსისთვის,“-განაცხადა ეკა ბესელიამ.
ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი განმარტავს, რომ პრეზიდენტისა და ოპოზიციის ლიდერების მიერ შემუშავებული ცვლილებები კონსტიტუციაში არ შევა, რადგან მას მმართველი გუნდი არ ეთანხმება.
„საკითხები რაც არის ოპოზიციის შემუშავებულ დოკუმენტში ასახული, ამაზე ჩვენი პოზიცია იცით. ამაზე უმრავლეს საკითხებს ჩვენ ვერ გავიზიარებთ, შესაბამისად აქ კონსენსუსზე საუბარი ზედმეტია,“-აცხადებს ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი.
საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრას არ დაესწრება პარლამენტის თავმჯდომარე. ირაკლი კობახიძე დღეს დილით სამუშაო ვიზიტით ვენეციაში გაემგზავრა.