პუშკინის სკვერის და თაბორის მთის ნაწილის ბიძინა ივანიშვილის კომპანიისთვის გადაცემის საკითხი დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე დაამტკიცეს. ხელშეკრულების პროექტი საკრებულოს გადაეგზავნება. დედაქალაქის ცენტრში მიწების პირდაპირი წესით პრივატიზებაზე დეპუტატები სავარაუდოდ პარასკევს იმსჯელებენ.
„ეს მონურად მორჩილი საკრებულო კვლავ მზად არის ბიძინა ივანიშვილისთვის 1 ლარად მიწების გადაცემას დაუჭიროს მხარი, მაგრამ მე მათ კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, რომ ისინი ამითი ანგრევენ ჩვენი ქვეყნის მომავალს,“-განაცხადა ენმ-ს წევრმა მარინა დათუკიშვილმა.
თბილისის საკრებულოს უმრავლესობას ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ ქმედებაში ადანაშაულებს საკრებულოს ფრაქცია „თბილისის“ თავმჯდომარეც.
„ძალა აღმართს ხნავს, საკრებულოს უმრავლესობამ და თბილისის მთავრობამ ეს ყველაფერი ფეხქვეშ გათელა და გვატყუებენ და თვალში ნაცარს გვაყრიან, რომ თურმე თბილისელთათვის, ქალაქის ცენტრში პარკინგი გაკეთდება, ტყუილია,“-აცხადებს მამუკა ახვლედიანი.
პუშკინის სკვერის მიმდებარე ტერიტორიასა და თაბორის მთის ნაწილს ზონის სტატუსი საკრებულომ 29 სექტემბრის ხმაურიან სხდომაზე შეუცვალა, რასაც ოპოზიციური სპექტრის საპროტესტო აქციები და ალეკო ელისაშვილის მიერ დეპუტატის მანდატზე უარის თქმა მოჰყვა.