„საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ საქართველოში დაბრუნდა. ოპოზიცური პარტიის წევრები მოსკოვში დუმის დეპუტატებს ხვდებოდნენ.
ოპოზიციონერების განცხადებით, პარტიის ლიდერი, დავით თარხან-მოურავი შეხვედრებს რუსეთის მაღალჩინოსნების გარდა ასევე საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებთან მართავდა.
პარლამენტის ფრაქცია ”საქართველოს პატრიოტების” თავმჯდომარე, გიორგი ლომია უარყოფს, რომ მოსკოვში პარტიის წევრები ბიზნესმენებს შეხვდნენ.
„ჩვენ ახალი ინიციატივით შევალთ, რომ ვინც ხელს შეუშლის აფხაზეთს და ოსეთს დაბრუნებაში, ყველა გამოცხადდეს როგორც მოღალატე და ყველაზე სისხლის სამართლის საქმე იყოს აღძრული. ჩვენ დაბრუნებაზე ვსაუბრობთ, ჯოჯოხეთში, რომ იყოს ჩასასვლელი, უნდა ჩახვიდე,“ - განაცხადა გიორგი ლომიამ.
ლომიას განცხადებით, მოსკოვში ოკუპირებულ ტერიტორიებზე სასაუბროდ ჩავიდნენ.
„რატომ არ ფიქრობთ, რომ შეხვედრები იყო აფხაზებთან და ოსებთან,“ - განაცხადა გიორგი ლომიამ, თუმცა, არ დააკონკრეტა ვის შეხვდნენ ოკუპირებული რეგიონების წარმომადგენლების მხრიდან.
პარლამენტის ფრაქცია ”საქართველოს პატრიოტების” წევრის, ადა მარშანიას განცხადებით, რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დსთ-ის და ევრაზიული ინტეგრაციის საკითხების კომიტეტის თავმჯდომარის, კალაშნიკოვის გარდა შეხვედრა ფედერაციის საბჭოშიც გაიმართა. მარშანია აცხადებს, რომ ლეონიდ კალაშნიკოვის მხრიდან მუქარა არ გახმოვანებულა.
„არანაირი მუქარა არ იყო არავისგან იქ წარმოთქმული და დაფიქსირებული. ჩვენ ვსაუბრობთ აბსოლუტურად კოლეგიალურად,“ - განაცხადა ადა მარშანიამ.
პარტიის წარმომადგენლები მოსკოვში ვიზიტზე ოფიციალურ განცხადებას ორშაბათს გააკეთებენ.
"პატრიოტთა ალიანსის" წევრები რუსეთის დედაქალაქში ბოლო 3 თვის განმავლობაში უკვე მეორედ ჩავიდნენ. ისინი აცხადებენ, რომ ოკუპანტ სახელმწიფოსთან აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპირებულ რეგიონებზე სალაპარაკოდ ჩადიან.