„ის არის ერთი ადამიანის მომსახურე პერსონალი,“ - ასე აფასებს საქართველოს „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარე, ხათუნა სამნიძე თბილისის მერიის გადაწყვეტილებას. საუბარია მერიის მიერ იმ დოკუმენტის დაამტკიცებაზე, რომლის მიხედვითაც ბიძინა ივანიშვილის კომპანიას მიწის ფართობები სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად, გადაეცა.
საუბარია თავისუფლების მოედანაზე 1900 კვადრატული მიწის ფართობსა და თაბორის მთაზე 5000 კვადრატული მეტრის გადაცემის საკითხზე, რამაც ოპოზიციის მხრიდან კრიტიკა კიდევ ერთხელ დაიმსახურა.
„მერიის ეს ნაბიჯი კიდევ ერთხელ მოწმობს, რომ ეს არ არის ხელისუფლება. ის არის ერთი ადამიანის მომსახურე პერსონალი. ის არ ესაუბრება საკუთარ ამომრჩეველს, საკუთარ მოქალაქეებს, იმ ადამიანებს, ვინც დაინტერესებულია პროექტით და დამალულად იღებს გადაწყვეტილებას, ეს არ არის პირველი შემთხვევა,“ - აცხადებს ხათუნა სამნიძე.
თბილისის მერიის სხდომა გუშინ ჩაინიშნა, სადაც მიღებული იქნა გადაწყვეტილება ბიძინა ივანიშვილისთვის სიმბოლურ ფასად მიწის ნაკვეთების გადაცემასთან დაკავშირებით. ამ სხდომაზე ჟურნალისტები არ დაუშვეს.