ხვალ ვენეციის კომისია საქართველოს კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებების შესახებ საბოლოო დასკვნას დაამტკიცებს. პლენარულ სხდომას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დაესწრება, რომელიც ვენეციის კომისიის წევრებს საქართველოს კონსტიტუციის ახალ რედაქციას გააცნობს.
მსჯელობაში მონაწილეობას მიიღებს საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანიც.
“ჩვენ უკვე გვქონდა შეხვედრა ვენეციის კომისიის ხელმძღვანელობასთან, სადაც განვიხილეთ მთელი პროცესი და ის რეკომენდაციები, რომლებიც ვენეციის კომისიას გააჩნია. დავუდასტურეთ ასევე, მზაობა იმასთან დაკავშირებით, რომ ბლოკების ერთჯერადად დაშვება და ბონუსის ამოღება უმრავლესობის მხრიდან, არის ძალაში და თუ ეს არ მოხერხდება, პრეზიდენტის ვეტოში ამის გათვალისწინება, მაშინ უმრავლესობა მზად არის ამის ხელახლა ინიცირებისთვის, რასაც მოყვა რა თქმა უნდა, მოწონება ვენეციის კომისიის მხრიდან,“ - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსმა ნიკა სამხარაძემ.