110 ათასი ლარი თბილისელებს მერიის თანამშრომლებისა და უცხოელი სტუმრების რესტორნებში საუზმე და ვახშამი დაუჯდათ. დედაქალაქის ბიუჯეტიდან თანხის გადარიცხვის ბრძანებას ხელს მერი დავით ნარმანია აწერს. ჯამში 110 ათასი ლარი 4 რესტორანს გადაერიცხა.
თბილისის მერიამ 2017 წლის ბიუჯეტიდან ”ეკონომიკური განვითარების საერთაშორისო ფორუმის” ორგანიზებისთვის სულ 300 ათასი ლარი გამოყო, "ნაციონალური მოძრაობის" მიერ გასაჯაროებული ოფიციალური დოკუმენტებით ირკვევა, რომ თანხის მესამედი რესტორნებში დაიხარჯა.
ბრალდებებს უარყოფს ქალაქის მერი. რესტორნებთან გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტების ჩვენების მიუხედავად, დავით ნარმანია დღეს ამტკიცებდა, რომ ფორუმის მონაწილეების კვებაში თანხა ბიუჯეტიდან არ დახარჯულა.
ფორუმი კი, რომლის ორგანიზებისთვისაც თბილისელების 300 ათასი ლარი დაიხარჯა, 2 დღის განმავლობაში გრძელდებოდა. თანხა ბიუჯეტიდან დავით ნარმანიას ბრძანებით გამოიყო.