საკრებულოს თავმჯდომარე "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" პასუხობს. ანგარიშში საუბარია საკრებულოს წევრების ბიზნეს კავშირებზე, დამალულ და არასრულად დეკლარირებულ საკუთრებასა და ერთ ლარად გადაცემულ მიწებზე.
გიორგი ალიბეგაშვილი არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გამოვლენილ პრობლემურ ტენდენციებს არ ეთანხმება. მისი განცხადებით, „რუსთავი 2"-ის საქმის განმხილველი მოსამართლე ნატა ნაზღაიძის ოჯახისა და ბიძინა ივანიშვილისთვის ქონებისა და მიწის გადაცემასთან დაკავშირებით საკრებულო კანონის შესაბამისად მოქმედებდა.
„მე-5 მოწვევის საკრებულოში ჩატარდა სამი წლის მანძილზე 200 სხდომა, გამოტანილი იქნა 400-ზე მეტი დადგენილება და 4500-მდე განკარგულება. საკრებულო არ არის საგამოძიებო ორგანო, საგამძიებო ორგანო და უწყებები სხვა არის, ჩვენ ამას არ ვსწავლობთ. თუკი რაიმე დარღვევის ნიშნები შეინიშნება მერიიდან გადმოგზავნილ დოკუმენტაციაში, უნდა მივმართოთ სასამართლოს,“ - განაცხადა გიორგი ალიბეგაშვილმა.
განმარტებები საკრებულოს იმ წევრებმაც გააკეთეს, რომლებზეც არასამთავრობო ორგანიზაციის ანგარიშშია საუბარი.
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ფრაქცია ”ქართული ოცნება - მრეწველების” წევრი, გიორგი ტყემალაძე ამბობს, რომ ანგარიშში მითითებულ კომპანია "მასტერ ფაიგრის" სამეწარმეო საქმიანობა არ უწარმოებია, ხოლო "ვეტ პრეპარატი" ლიკვიდაციის პროცესში და ის სამეწარმეო საქმიანობას არ ეეწევა.
საკრებულოს წევრი, ლია ჯახველიძე კი აცხადებს, რომ ანგარიშში მოხვედრილმა პროფესიულმა კოლეჯმა „აირენდ კომპიმ“ 2011 წელს შეწყვიტა საქმიანობა, თუმცა მისი ლიკვიდაცია არ განუხორციელებიათ.