საკრებულოს წევრების ბიზნეს კავშირები, დამალული და არასრულად დეკლარირებული საკუთრება და ერთ ლარად გადაცემული მიწები, ეს არის ის ძირითადი პრობლემები, რომელიც "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" ანგარიშში მოხვდა და თბილისის საკრებულოს ბოლო სამი წლის მუშაობის დროს გამოვლინდა. არასამთავრობო ორგანიზაციამ დღეს კონკრეტული დოკუმენტაცია წარმოადგინა.
“პრობლემად რჩება ქონების განკარგვის საკითხები, ეს არის პრობლემა იმის გათვალისწინებით, რომ რამდენიმე შემთხვევა იყო, როდესაც ამ ქონების გადაცემა ხდებოდა კონკრეტული პირისთვის, ამ შემთხვევაში საუბარია ბიძინა ივანიშვილის კომპანიაზე. რაც შეეხება ნაზღაიძის საქმეს, აქ ოპოზიციას ჰქონდა ძალიან ბევრი კითხვის ნიშნები, მათ მოითხოვეს გამოძიების დაწყება, მაგრამ მიუხედავად ამ არსებული კითხვის ნიშნებისა, თბილისის მთავრობა არ მივიდა საკრებულოში და ამ კითხვებზე მათ პასუხი არ გაეცათ. შესაბამისად, როგორ მიმდინარეობს ეს პროცესები გამოძიებასთან დაკავშირებით, ამაზეც პასუხები არ არის,“ - განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაცია ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გიგაურმა.
არასამთავრობო ორგანიზაციაში ასევე აცხადებენ, რომ აუცილებელია გაიზარდოს საკრებულოს საზედამხედველო ფუნქცია.
“ მნიშვნელოვანია, რომ საკონტროლო მექანიზმების გამოყენება უფრო აქტიურად ხდებოდეს საკრებულოში. ერთ შემთხვევაში თუ კი უმეტესად ესწრებიან უმრავლესობის სხდომებს, მნიშვნელოვანია ასევე, რომ ოპოზიციის მიერ მოწვეულის შემთხვევაშიც ცხადდებოდნენ ანგარიშვალდებული პირები სხდომებზე. ასევე მნიშვნელოვანია, ინფორმაციის ღიაობა და გამჭვირვალობა,“ - აღნიშნა არასამთავრობო ორგანიზაცია ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” მთავარმა იურისტმა თამარ ტატანაშვილმა.