"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" ანგარიშში მითითებულ პრობლემურ ტენდენციებს, რომელიც ეხება საკრებულოს წევრების ბიზნეს კავშირებს, დამალულ და არასრულად დეკლარირებულ საკუთრებასა და ერთ ლარად გადაცემულ მიწებს, საკრებულოს ოპოზიცია ეთანხმება.
მათი თქმით, სამწლიანი მუშაობის მიუხედავად, მათ არა ერთი პასუხგაუცემელი კითხვა დარჩათ.
„ნაზღაიძის შემთხვევაში, ჩვენ მხოლოდ კითხვები კი არ გვქონდა, ხელთ გვქონდა დოკუმენტაცია, რომელიც მხოლოდ შეცდომებს კი არ ადასტურებდა, პირდაპირ დანაშაულებს ადასტურებდა. ამასთან დაკავშირებით მივმართეთ ძალოვან უწყებებს, საგამოძიებო ორგანოებსაც, მაგრამ პასუხი დღემდე არ გვაქვს. რაც შეეხება ქონებების ერთ ლარად გადაცემას, ბიძინა ივანიშვილის მიწებისთვის ზონალური სტატუსების მოხსნას, ამასთან დაკავშირებით საკრებულოში ხმაურიანი სხდომები იყო, მაგრამ არცერთი არგუმენტი ხელისუფლების მხრიდან არ მიგვიღია და კითხვები კვლავ ჰაერში გამოკიდებული დარჩა,“ - განაცხადა საკრებულოს ფრაქცია ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, მარიკა დათუკიშვილმა.
ოპოზიციის წარმომადგენლები საკრებულოს უმრავლესობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებში დანაშაულების ნიშნებს ხედავენ.
„ქართულმა ოცნებამ“ როგორც თბილისის თვითმმართველობაში, ასევე ზოგადად ჩვენს ქვეყანაში, თავი დაამკვიდრა მმართველმა ძალამ, რომელიც დაკავშირებულია მხოლოდ და მხოლოდ კორუფციულ გარიგებებთან, მხოლოდ საკუთარო ინტერესების მოწყობასთან,“ - განაცხადა საკრებულოს ფრაქცია ”მოძრაობა თავისუფლებისთვის - თბილისის” თავმჯდომარემ, მამუკა ახვლედიანმა.