„ჩვენ ველოდებით საბოლოო გადაწყვეტილებას პრეზიდენტის მხრიდან ვეტოსთან დაკავშირებით და ამაზე იქნება უკვე დამოკიდებული ვეტოს დაძლევის საკითხი,“ - ასე აფასებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ფრაქცია ”ქართული ოცნების” წევრი, არჩილ თალაკვაძე პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის ახალ პროექტზე ვეტოს შესაძლო დადებას.
არჩილ თალაკვაძე აცხადებს, პრეზიდენტი უმრავლესობის მიერ შეთავაზებულ ორ საკითხს დაადებს ვეტოს, ამ შემთხვევაში უმრავლესობა შენიშვნებს გაითვალისწინებს. თუმცა, თუ პრეზიდენტი დამატებით საკითხებს შეიტანს, თალაკვაძის განცხადებით, მაშინ უმრავლესობა ვეტოს დაძლევს.
„თუ პრეზიდენტის გადაწყვეტილება იქნება იმგვარი, რომ ვეტოში ამ ორ საკითხთან ერთად, მოცემული იქნება სხვა საკითხებიც, რომლებზეც უკვე პარლამენტმა გადაწყვეტილებები მიიღო და მიიღო პრინციპული გადაწყვეტილებები, რა თქმა უნდა, საპარლამენტო უმრავლესობა დაძლევს ვეტოს და ახალი საკანონმდებლო ინიციატივის გზით, შეასრულებს იმ პირობას, რომელიც ჩვენ აღებული და შეთანხმებული გვაქვს ვენეციის კომისიასთან,“ - აცხადებს არჩილ თალაკვაძე.
პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა გუშინ აღნიშნა, რომ ოპოზიციასთან შეხვედრაზე გიორგი მარგველაშვილი პარტიების წარმომადგენლებთან შეთანხმდა, რომ მის ვეტოში გათვალისწინებული იქნება როგორც „ქართული ოცნების“ მოთხოვნები, ასევე ოპოზიციის. მათ შორის, საუბარია 2020 წლიდან ქვეყნის პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით.
შეხვედრა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ოპოზიციურ პარტიებსა და ქვეყნის პირველ პირს შორის გუშინ გაიმართა. შეხვედრაზე მხარეებმა, მმართველ გუნდთან პრეზიდენტის შეხვედრის შემდეგ, საბოლოო პოზიციები შეაჯერეს.