საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში მასშტაბური საპროტესტო აქციისთვის ემზადება. ახლა ის უკრაინის პოლიტიკური დღის წესრიგის მთავარი ფიგურაა. საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიზანია გაამართლოს უკრაინელთა ნდობა, საომარ ვითარებაში მყოფი ქვეყნის ყველა დიდ ქალაქში ჩადის და მომხრეებს პირადად ხვდება. გეგმავენ საპროტესტო მარშს, რომელიც 17 ოქტომბერს, კიევის ცენტრში უნდა გაიმართოს.
უკრაინელებს ხელისუფლების მშვიდობიანი ცვლილება სურთ. მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში ვადამდელ საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებს არ გამორიცხავს. ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუკი ოპოზიცია გაერთიანდება.
„უკრაინის ოპოზიცია ერთადერთ შემთხვევაში გაერთიანდა ბოლო წლების განმავლობაში, ეს იყო ჩემი შემოყვანა უკრაინაში. ყველა ოპოზიციური ლიდერი იყო საზღვარზე,“ - ამბობს მიხეილ სააკაშვილი.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი ამბობს, რომ უკრაინაში თანამდებობის ამბიციები არ აქვს.
„მე მიმაჩნია, რომ ვთამაშობთ მნიშვნელოვან როლს აქ სიტუაციის შეცვლაში. ჩემი აზრით, უკრაინა უნდა მართონ უფრო სტაჟიანმა უკრაინელებმა, ვიდრე მე, მაგრამ ეს უნდა იყვნენ ახალი უკრაინელები,“ - აღნიშნავს მიხეილ სააკაშვილი.
მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ ახლა ის უკრაინელი პოლიტიკოსია, მაგრამ ყურადღებით ადევნებს თვალს საქართველოში მიმდინარე პროცესებს. გული წყდება ყველა იმ პროექტზე, რომელიც მისი ხელისუფლების დროს დაიწყო და უსამართლოდ გაჩერდა.
სააკაშვილი თვლის, რომ ახლა ადგილობრივი არჩევნები გადაწყვეტს, თუ რა ტიპის ლიდერი სურს მოსახლეობას, ჩრდილოვანი კლანური მმართველი, თუ პატიოსანი და განათლებული დედაქალაქის მერი, რომლის უკანაც ძლიერი პარტია დგას.
„ზალიკო პირველ რიგში არის ძალიან წესიერი ადამიანი. რა უნდა მოხდეს, რომ ზალიკომ რაღაც მოიპაროს, გააფუჭოს. უყვარს თავის ქვეყანა უსაშველოდ,“ - ამბობს მიხეილ სააკაშვილი.
კიდევ ერთი ქალაქი, რომელსაც მიხეილ სააკაშვილი საქართველოს განვითარების მთავარ კვანძს უწოდებს, ქუთაისია. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ხელისუფლებას ამ საკითხთან მიმართებაშიც აკრიტიკებს.
"ქუთაისი კონსტიტუციით ამათ უკვე მოკლეს, ეს იყო ივანიშვილის იდეაფიქსი, ამას მთელი საქართველო სოფელი უნდა, მაგრამ ეს იყო რაღაც ჭორვილური გადმოსახედიდან, რომ ქუთაისს ქალაქად ვერ აღიქვამს,"-განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი საკონსტიტუციო ცვლილებების თემასაც შეეხო და აღნიშნა, რომ ხელისუფლებამ კიდევ ერთი არასწორი გადაწყვეტილება მიიღო.
"რომელი კონსტიტუციონალისტია ბიძინა ივანიშვილი, ჩვეულებრივი გაქნილი ოროსანია, რომელიც როცა ჩვენ ვსწავლობდით, ის ნახულობდა სხვა გზებს, ამ გაგებით ქვეყანას ვერ ააშენებ, თორემ მილიარდებს კი იშოვი, მაგაში ჩვენზე მაგარია,"-აღნიშნა სააკაშვილმა.
მიხეილ სააკაშვილი, საქართველოში სხვა პოლიტიკურ პარტიების საკითხსაც შეეხო, მათ შორის "ევროპულ საქართველოს."
„ევროპული საქართველო" არის ხალხი, რომლებმაც მიიღო შეგნებული გადაწყვეტილება, გამიჯნოდა "ნაციონალურ მოძრაობას" და ამით გააძლიერა ივანიშვილი. ეს იყო ივანიშვილის სასარგებლოდ,“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
ექსპრეზიდენტი ინტერვიუს დასასრულს და ყველა მოვლენის შეფასების შემდეგ მისეულ ხედვას ასახელებს თუ როგორ უნდა გააგრძელოს ქვეყანამ განვითარება.
"უნდა ჩამოიფერთხოს ესენი უკვე როგორც სიბინძურე და გაისწოროს და გააგრძელოს სვლა, იმიტომ რომ ზედმეტად გავჩერდით,"-აღნიშნავს მიხეილ სააკაშვილი.