საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი ანრი ოხანაშვილი, „ქართული ოცნების“ მხრიდან საჯარო დაწესებულებების თანამშრომლებისთვის, მმართველი გუნდის კანდიდატების სასარგებლოდ, ხმების მობილიზების დავალებას გამორიცხავს.
საქმე ეხება „კურიერის“ მიერ მოპოვებულ ბაღების დირექტორების შიდა მიმოწერას, რომლითაც ირკვევა, რომ თბილისის მე-11 საბავშვო ბაღში 115 კაციანი სია შედგა, ვისაც „ქართული ოცნებისთვის“ ხმების მიცემაზე წინასწარ შეუთანხმდნენ.
ანრი ოხანაშვილი საარჩევნო შეხვედრებში ბაღების თანამშრომლების მონაწილეობაზეც საუბრობს და ამბობს, რომ არასამუშაო საათებში მათ პოლიტიკურ შეხვედრებში მონაწილეობის უფლება აქვთ.
„ჩვენი მხრიდან არავინ არ მოუწოდებს არავის, რომ მათ კანონი დაარღვიონ. თუმცა, ჩვენ ვერავის ავუკრძალავთ არასამუშაო საათებში და იმ საათებში, როდესაც მათ კანონმდებლობით ეძლევათ უფლება მიიღონ მონაწილეობა ამა თუ იმ შეხვედრაზე. გამოვრიცხავ პარტია „ქართული ოცნების“ მხრიდან რაიმე ასეთი ტიპის დავალებების მიცემას,“ - აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ანრი ოხანაშვილი.