შინაგან საქმეთა სამინისტრო ენმ-ს წევრის, თინათინ ბოკუჩავას ბრალდებას პასუხობს. საუბარია ისნის ერთ-ერთ ოლქზე, სადაც ბოკუჩავას მტკიცებით, საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, ნინო ნიკურაძე ძალოვანი უწყების თანამშრომელია, რასაც კანონმდებლობა კრძალავს.
შსს ბრალდებას უარყოფს და ყველა დაინტერესებულ პირს, გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან თავის შეკავებას ურჩევს.
"გვსურს, გამოვეხმაუროთ ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ ისნის რაიონში ერთ-ერთი ოლქის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, მოქალაქე ნინო ნიკურაძე შსს-ს თანამშრომელია.
ვაცხადებთ, რომ აღნიშნული პირი შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი არ არის.
მოვუწოდებთ ყველა დაინტერესებულ პირს, თავი შეიკავოს მსგავსი დაუსაბუთებელი, გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან," - აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ საგანგებო ბრიფინგზე აღნიშნული ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, თინათინ ბოკუჩავამ ცესკო-სა და შინაგან საქმეთა მინისტრს მიმართა. მან ორივე ორგანოს ისნის ერთ-ერთ ოლქში საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, ნინო ნიკურაძის გათავისუფლებისკენ მოუწოდა.
„ქართული ოცნება“ რიგითი პოლიციელების ჩართვით ცდილობს არჩევნების გაყალბებას," - განაცხადა თინათინ ბოკუჩავამ.