20 ნოემბერი 2024,   21:29
ვრცლად
ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის წევრები ალიანსისგან მოითხოვენ საქართველოს მიმართ უფრო ეფექტური ნაბიჯები გადადგას

ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის წევრები ალიანსისგან საქართველოს მიმართ უფრო ეფექტური ნაბიჯების გადადგმას მოითხოვენ. მათ შორის მაპის მინიჭების კონტექსტში. ამის შესახებ განცხადებები ბუქარესტში გაკეთდა, სადაც ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის 63-ე სესია მიმდინარეობს. სხდომაზე გერმანელი დეპუტატის მიერ მომზადებული რეზოლუციაც უნდა დაამტკიცონ, რომელშიც საქართველოს შესახებაცაა საუბარი.

„არსებობს ქვეყნები, სადაც ნატო-ს შეუძლია პოზიციური ცვლილებები განახორციელოს. ეს ეხება არამხოლოდ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს, არამედ უკრაინას და საქართველოს. ხშირად ჩავდივარ ამ ქვეყნებში და მიჭირს პასუხის გაცემა კითხვაზე სად არის მათ მიერ მიღწეული პროგრესის შედეგი. ამ ქვეყნებს იმედი არ უნდა გავუცრუოთ. ყველაფერს აკეთებენ, მაგრამ მაინც ვერ იღებენ მაპს. ჩვენ უნდა დავანახოთ მათ, რომ გვირაბის ბოლოს სინათლეა. თუ იმედი გაუცრუვდებათ, ყველა ჩვენგანმა ვიცით, ამით ბედნიერი ვინ დარჩება,”-განაცხადა ესტონეთის დელეგაციის წევრმა ჰანეს ჰანსომ.

რაც შეეხება ნატო-ს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგის თქმით საქართველოს და უკრაინას აქვთ ნატო-ს მნიშვნელოვანი პოლიტიკური და ტექნიკური მხარდაჭერა, მაგრამ როდესაც საუბარი იწყება წევრობაზე, უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოსა და უკრაინის მთელი ყურადღება გამახვილებულია რეფორმებზე.

„არ აქვს მნიშვნელობა მალე გახდებიან თუ არა ალიანსის წევრები, რეფორმები უნდა გატარდეს. ჩვენს პარტნიორობას აქვს დიდი ფასი. და გავაგრძელებთ მუშაობს, რომ ჩვენი თანამშრომლობა უფრო გაძლიერდეს და უფრო გაიზარდოს ჩვენი პრაქტიკული მხარდაჭერაც მათ მიმართ,“-განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები