20 ნოემბერი 2024,   21:37
ვრცლად
"პოლიტიკური ინტრიგნობა" - უმრავლესობა პრეზიდენტის ვეტოს დასაძლევად ემზადება 

კონსტიტუციის ახალ პროექტთან დაკავშირებით პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების განსახილველად პარლამენტი რიგგარეშე სხდომაზე შეკრებას 13 ოქტომბერს გეგმავს. მანამდე "ქართული ოცნება" სხდომის ჩანიშვნისთვის პრეზიდენტს მიმართავს. რეგლამენტის მიხედვით, დეპუტატებმა პრეზიდენტის შენიშვნები ან სრულად უნდა გაიზიარონ ან ვეტო დაძლიონ.

დიდი ალბათობით ვეტო დაიძლევა, რის შემდეგაც სავარაუდოდ, არჩევნების შემდეგ, კანონმდებლები ახალ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ინიციატივას დაარეგისტრირებენ. მასში გათვალისწინებული იქნება ე.წ. ბონუსების გაუქმება და საარჩევნო ბლოკების ერთჯერადად დაშვება.

„ჩვენ სავარაუდოდ, დავძვლევთ ამ ვეტოს, უბრალოდ კარგი იყო, რომ ეს ჩვენი შეთავაზება, რომელიც გაჟღერდა პრეზიდენტთან, გათვალისწინებული ყოფილიყო. ჩვენ ვაპირებთ, რომ დავარეგისტრიროთ ახალი საკონსტიტუციო ცვლილების ინიციატივა და ამ პროცედურებსაც უმოკლეს ვადაში გავივლით, ამაზე გვაქვს გუნდში შიგნით შეთანხმება,“ - განაცხადა თამარ ხულორდავამ.

მმართველი გუნდი პრეზიდენტის გადაწყვეტილებას კონსტიტუციის ახალ პროექტზე ვეტოს დადებასთან დაკავშირებით, „პოლიტიკურ ინტრიგნობას“ უწოდებს.

„ფაქტობრივად მოგვიწოდა, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ გადაეწყვიტა საქართველოს კონსტიტუციის ბედი და ვფიქრობ, რომ მისი მხრიდან იყო ძალიან არაკონსტრუქციული ნაბიჯი, პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ ამას პოლიტიკური ინტრიგნობა ჰქვია და თუკი ასე გაგრძელდება, თავის ვეტოსთან ერთად, პრეზიდენტი აუცილებლად მარტო დარჩება თავის თავთან,“ - აცხადებს ლევან კობერიძე.

დღის ამბები