„ევროპულმა საქართველომ“ აქცია დაანონსა. ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები საკრებულოს მიმდებარედ 16:00 საათისთვის შეიკრიბებიან.
„დღეს "ქართულმა ოცნებამ" კიდევ ერთხელ გადახაზა კანონი, რომელიც ჩვენ პარლამენტის წევრებს გვაძლევს სრულ უფლებას, რომ შევიდეთ საკრებულოს შენობაში და დავესწროთ სხდომას, უბრალოდ გადახაზა. სამწუხაროა, რომ აიძულა კანონდარღვევა პოლიციელებს, რომლებიც უნდა იდგნენ კანონის და არა „ქართული ოცნების“ სადარაჯოზე. შესაბამისად, პასუხი ამაზე და პროტესტი იქნება 21 ოქტომბერს არჩევნები, როდესაც უარი უნდა ვთქვათ, რომ აღარასდროს არ მოხდეს ჩვენს ისტორიაში, რომ კანონზე მაღლა ვინმემ გაბედოს დადგომა. მაგრამ დღეს, როდესაც იწყება საკრებულოს ეს სამარცხვინო სხდომა, ჩვენ ვაანონსებთ საპროტესტო აქციას და მოვუწოდებთ ყველა თბილისელს, რომ უარი ვთქვათ კანონის ასეთ გათელვაზე და უარი ვთქვათ იმაზე, რომ ბიძინა ივანიშვილმა შეძლოს, ასე უმტკივნეულოდ მიიტაცოს ჩვენი მიწები,“ - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
4 საათზე თბილისის საკრებულოს სხდომაა დაგეგმილი. ოპოზიცია კიდევ ერთხელ შეეცდება ხელი შეუშალოს ბიძინა ივანიშვილის კომპანიისთვის თაბორის მთასა და პუშკინის სკვერთან ტერიტორიების ერთ ლარად გადაცემას. ამ საკითხზე დეპუტატებმა საბოლოო გადაწყვეტილება უნდა მიიღონ.
დღეს დილით პარტია „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლებმა საკრებულოს შენობაში შესვლა სცადეს. შენობასთან პარტიის ლიდერები და ასევე თბილისის მერობის კანდიდატი ელენე ხოშტარია იმყოფება, რომელმაც მობილიზებულ სამართალდამცველებს განუმარტა, რომ მათ კანონით საკრებულოში შესვლის უფლება ჰქონდათ.
ოპოზიციის წარმომადგენლებს სამართალდამცველებმა შენობაში შესვლის საშუალება არ მისცეს, რასაც ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.