„რამდენიმე ადამიანი დაკავებულია. ჩემი ინფორმაციით, მათ შორის არის მაჟორიტარობის კანდიდატი, კოტე იოსელიანი, რომელიც ახლა გადაიყვანეს,“ - ეს განცხადება თბილისის მერობის კანდიდატმა, ზაალ უდუმაშვილმა თბილისის საკრებულოს წინ გამართულ აქციაზე გააკეთა.
თბილისის საკრებულოს წინ ხმაური და დაპირისპირება საკრებულოს შენობაში „ენმ“-ის პარლამენტის დეპუტატების შესვლის მცდელობას მოჰყვა. საკრებულოს წინ ოპოზიცური პარტია ივანიშვილის კომპანიისთვის მიწების გადაცემას აპროტესტებს.
„ეს ტერიტორიები უნდა დარჩეს თბილისს, ამისთვის ვიბრძვით,“ - აცხადებს ზაალ უდუმაშვილი.
მისი თქმით, საკრებულოს სხდომის დაწყებისთანავე ისინი უფრო მკვეთრად დააფიქსირებენ საკუთარ პროტესტს.
„დაიწყება სხდომა და დაიწყება ჩვენი ძალიან ხმამაღალი პროტესტი,“ - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.
„ენმ“-ის წევრის, ნიკა მელიას განცხადებით, კანონის დარღვევაა, როდესაც პარლამენტარებს საკრებულოს შენობაში არ უშვებენ.
საკრებულოსთან სამართალდამცავები არიან მობილიზებული.
საკრებულოს "ქართული ოცნების" დეპუტატების მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვით, 1900 კვ.მ. ფართობის ტერიტორიას პუშკინის ქუჩასა და 5000 კვ.მ. თაბორის მთაზე ზონის სტატუსი შეეცვალა.