საქართველოს კონსტიტუციის დარღვევა - ასე აფასებენ ნაციონალური მოძრაობის წევრები პარლამენტარების და ოპოზიციის წარმომადგენლებისთვის, საკრებულოს კარის ჩაკეტვას.
დღეს ბიუროს სხდომაზე მიმდინარეობდა დებატები, თუ რატომ არ მოხდა ოპოზიციონერი დეპუტატების დაშვება საკრებულოს სხდომაზე, სადაც ბიძინა ივანიშვილისთვის მიწის გადაცემის საკითხი დაამტკიცეს.
ევროპული საქართველოს წევრები განმარტებებს ამ საკითხთან დაკავშირებით უმრავლესობის წევრებისაგან და პარლამენტის თავმჯდომარისგან ითხოვდნენ.
ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ საკრებულოს ხელმძღვანელობამ საქართველოს კონსტიტუცია დაარღვია იმით, რომ პარლამენტის დეპუტატებს საკრებულოს სხდომაზე შესვლის საშუალება არ მისცა.
გარდა ამისა, უმცირესობის წარმომადგენლებმა დღეს მოითხოვეს, რომ შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი მღებრიშვილი, პარლამენტში დაიბარონ და მან საკანონმდებლო ორგანოს წინაშე განმარტებები გააკეთოს იმასთან დაკავშირებით, თუ რის საფუძველზე არ შეუშვეს პოლიციელებმა საქართველოს პარლამენტის წევრები საკრებულოს შენობაში.
„არანაირი საფუძველი სხდომის დახურვის არ იყო,“ - აღნიშნა ელენე ხოშტარიამ.
უმრავლესობა კი აცხადებს, რომ ოპოზიციის მიზანი სხდომის ჩაშლა იყო, რაც ქართული ოცნების დეპუტატებმა არ დაუშვეს.
„თქვენ, წინასწარ დააანონსეთ, რომ ჩაშლიდით საკრებულოს სხდომას,“ - ეს განცხადება უმრავლესობის წევრმა არჩილ თალაკვაძემ ოპოზიციის წევრების მისამართით გააკეთა.
ნაციონალური მოძრაობის წევრი, რომან გოცირიძე, კი ამბობს, რომ საქართველოს ისტორიაში არ ყოფილა შემთხვევა, რომ დეპუტატი არ შეეშვათ ნებისმიერ სახელმწიფო დაწესებულებაში.
„ჩვენი რეგლამენტით, პირდაპირ წერია, რომ დეპუტატს აქვს უფლება, არა თუ შევიდეს, არამედ მიიღოს სათათბირო ხმის უფლებით თვითმმართველობის ნებისმიერი ორგანოს მუშაობაში,“ - აცხადებს გოცირიძე.