20 ნოემბერი 2024,   21:45
ვრცლად
ადვოკატს საკრებულოს წინ მიმდინარე აქციის დროს დაკავებულების ნახვის საშუალებას არ აძლევენ

თბილისის პოლიციის სამმართველოში საკრებულოს წინ გამართულ აქციაზე დაკავებულების უფლებადამცველი არ შეუშვეს. მიზეზად საშვის დაშვებასთან დაკავშირებით შექმნილ პრობლემას ასახელებენ.

თბილისის საკრებულოს წინ შეკრებილები ბიძინა ივანიშვილის კომპანიისთვის მიწების გადაცემას აპროტესტებდნენ, რა დროსაც სამართალდამცავებმა 8 პირი დააკავეს.

ადვოკატის ინფორმაციით, აქციის დროს დაკავებულებს შორის არიან ენმ-ის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები და ასევე, პარტიის კიდევ რამდენიმე წევრი.

თბილისის პოლიციის სამმართველოსთან მივიდნენ ენმ-ის ლიდერები. ასევე, აქ იმყოფება ერთ-ერთი დაკავებულის, ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, კოტე იოსელიანის, მეუღლე, პარლამენტარი თინათინ ბოკუჩავა.

თინათინ ბოკუჩავა აცხადებს, რომ სახალხო დამცველის აპარატს სამართალდამცავ უწყებაში განუცხადეს, რომ აქციის დროს დაკავებულები ამ შენობაში არ იმყოფებიან. თუმცა, ბოკუჩავა აცხადებს, რომ ეს ტყუილია და კოტე იოსელიანი სწორედ ამ სამმართველოში გადმოიყვანეს.

აქციის დროს ეს პირები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე და 166-ე მუხლის ბრალდებით დააკავეს, რაც ითვალისწინებს პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას და წვრილმან ხულიგნობას.

დღის ამბები