პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, საქართველო-ევროკავშირს შორის უსაფრთხოების საკითხებზე სტრატეგიული დიალოგის დაწყებას ეხმაურება. განცხადება პრემიერმა მთავრობის სხდომაზე გააკეთა.
კვირიკაშვილის თქმით, აღნიშნული დიალოგის დაწყებით, საქართველო პრაქტიკულად ევროპის უსაფრთხოების სისტემის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტი ხდება.
მისივე განცხადებით, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პოზიტიური ახალი ამბავი, რომელიც ძალიან დიდი ხნის მიზანმიმართული მუშაობის შედეგია.
„რა თქმა უნდა, ეს ჩვენთვის არის უდიდესი პატივი და ამავე დროს პასუხისმგებლობა. ეს ასევე არის უპრეცედენტო ნაბიჯი ევროკავშირის მხრიდან და ადასტურებს ევროპის მხრიდან საქართველოს მიმართ დიდ ინტერესსა და საქართველოს როლს რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განმტკიცების საქმეში. რა თქმა უნდა, ამ დიალოგის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილი იქნება რუსეთ-საქართველოს კონფლიქტი და მისი მშვიდობიანი გადაჭრის გზების ძიება, ასევე ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა ტერორიზმი, რადიკალიზაცია, ექსტრემიზმი, ორგანიზებულ დანაშაულთან კოორდინირებული ბრძოლა და ა.შ. რა თქმა უნდა, სტრატეგიული დიალოგის ფორმატი იქნება გზა, რომ ჩვენ მივაღწიოთ მაქსიმალურ თავსებადობას ევროკავშირის უსაფრთხოებისა და თავდაცვის სისტემასა და სტრუქტურებთან“, - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.