თბილისის საქალაქო სასამართლოში საკრებულოს შენობასთან „ნაციონალური მოძრაობის“ აქციაზე დაკავებულების პროცესს ეუთო-ს დამკვირვებლები ადევნებენ თვალს. სხდომაზე ენმ-ის ლიდერებიც იმყოფებიან. ოპოზიციის წევრების თქმით, სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები გუშინ გამართულ აქციაზეც იმყოფებოდნენ და მოვლენებს მონიტორინგს უწევდნენ.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თინათინ ბოკუჩავამ აქციაზე ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატისა და ასევე მისი მეუღლის, კოტე იოსელიანის დაკავებაც გაიხსენა.
„ოდირი ეუთო-ს წარმომადგენლები არიან აქ იმისთვის, რომ ამ პროცესს დააკვირდნენ. ისინი აქციაზეც იყვნენ და ნახეს, როგორ ძალადობრივად მოიტაცეს აქციის მონაწილეები, მათ შორის ჩემი მეუღლე, ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატი, კოტე იოსელიანი, რომელიც პოლიციის დიდმა ჯგუფმა, მათ შორის ვინმე ბუხრაშვილმა და ხაზალიამ, რომლებიც არიან კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტების უფროსები, სრულიად უკანონოდ გაიტაცეს და ძალადობრივად ჩატენეს მანქანაში, იმიტომ, რომ ის ითხოვდა განგვეხორციელებინა ჩვენი კონსტიტუციური უფლება და საკრებულოში შევსულიყავით. ივანიშვილმა ქართული პოლიცია საკუთრ, პირად დაცვად აქცია, რომელიც მზად არის შეასრულოს ნებისმიერი უკანონო დაკვეთა,“- განაცხადა თინათინ ბოკუჩავამ.
„ნაციონალური მოძრაობა“ საკრებულოს შენობასთან გუშინ აქციას მართავდა, სადაც სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა. დეპუტატები თვითმმართველ ორგანოში შესვლას ცდილობდნენ, რის უფლებასაც სამართალდამცავები არ აძლევდნენ. ოპოზიცია ბიძინა ივანიშვილის კომპანიისთვის ერთ ლარად მიწების გადაცემას აპროტესტებს.