20 ნოემბერი 2024,   21:44
ვრცლად
ივანიშვილისთვის გადაცემული ქუჩა - ოპოზიცია საკითხის გარკვევას სასამართლოში გეგმავს

თბილისის ცენტრში 1900 კვ.მ. ტერიტორიასთან ერთად, ბიძინა ივანიშვილს გუდიაშვილის ქუჩის ნაწილიც დაუკანონდა. აღმოჩნდა, რომ საკრებულოს ხმაურიან სხდომაზე ყოფილ პრემიერს მუნიციპალურ ავტოსადგომთან ერთად, გუდიაშვილის ქუჩის ერთი ნაწილი დაუკანონეს.

ინფორმაცია, რომ ბიძინა ივანიშვილის კომპანია ქუჩის მფლობელიც გახდა, მერიასა და კომპანია "თბილისი სითის" შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში მითითებული საკადასტრო კოდის მიხედვით დადასტურდა.

ოპოზიცია აცხადებს, რომ საკრებულოს უმრავლესობამ, რომელმაც ტერიტორია გაასხვისა, თვითმმართველობის შესახებ ორგანული კანონი დაარღვია.

თბილისის მთავრობაში ამტკიცებენ, რომ ტერიტორია კერძო ინვესტორზე იმ საზღვრების მიხედვით გასხვისდა, რომელიც ჯერ კიდევ 2007 წელს მუნიციპალიტეტმა საკუთრებაში დაირეგისტრირა.  

კანონის მიხედვით, თბილისის საკრებულოს ქუჩის ნაწილის გასხვისებისთვის დეპუტატების სიით შემადგენლობის 2/3-ის, ანუ 34 ხმა სჭირდებოდა, თუმცა გუშინ ივანიშვილის სასარგებლოდ, ადგილის გადაცემას მხარი 29 დეპუტატმა დაუჭირა, რაც შესაძლოა, გადაწყვეტილების ბათილობის საფუძველი გახდეს.

ოპოზიცია საკითხის გარკვევას სასამართლოში გეგმავს.

 

 

დღის ამბები