ბიძინა ივანიშვილისთვის თბილისის ცენტრში მიწების ერთ ლარად გადაცემა და საკრებულოსთან "ნაციონალური მოძრაობის" გამართულ აქციაზე დაპირისპირება მთავრობასა და ოპოზიციას შორის ურთიერთბრალდებების მიზეზი გახდა.
ოპოზიციის პროტესტი გიორგი კვირიკაშვილისთვის წინასაარჩევნოდ ქვეყნაში დაძაბულობის შექმნის მცდელობაა. პრემიერის შეფასებით, ოპოზიციის ნაწილი რადიკალი და პროვოკატორია. მთავრობის წევრების აზრით, დეპუტატებს საკრებულოს სხდომაზე შესვლის უფლება რომ არ მისცეს, ამით კანონი არ დაირღვა.
ოპოზიცია კი, მთავრობის მეთაურსა და მინისტრებს, პირველ რიგში, იმის გამო ედავება, რომ მათი უფლებები დაირღვა და საკრებულოში შესვლა პარლამენტის წევრებმაც კი ვერ მოახერხეს. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ამბობენ, რომ გიორგი კვირიკაშვილი ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს იცავს.
ივანიშვილისთვის მიწების გადაცემისა და დეპუტატების საკრებულოს შენობაში არშეშვებასთან დაკავშირებით საპარლამენტო უმცირესობა მთავრობის მეთაურს და მინისტრებს პარლამენტში იბარებს. ოპოზიციის მოთხოვნის მიუხედავად, მინისტრები პარლამენტში მისვლას არ აპირებენ.