20 ნოემბერი 2024,   21:42
ვრცლად
პარლამენტი დღეიდან პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებზე მსჯელობას იწყებს

პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებზე მსჯელობას პარლამენტი დღეიდან იწყებს. ვეტოს იურიდიულ საკითხთა კომიტეტში განიხილავენ.

წინასწარ ცნობილია, რომ უმრავლესობაში გიორგი მარგველაშვილის პოზიციას არ იზიარებენ და შენიშვნებსაც კენჭისყრაზე სავარაუდოდ ჩააგდებენ.

მმართველი გუნდი ვეტოს დაძლევისთვის ემზადება და საკონსტიტუციო ცვლილებებზე ახალი კანონპროექტის ინიცირებას გეგმავს.

„კომიტეტი მიიღებს შესაბამის დასკვნას, უკვე 13 რიცხვში პლენარულ სხდომაზე განვიხილავთ ჩვენ პრეზიდენტის ვეტოს. ჩვენი პოზიცია პრეზიდენტისთვის თავიდანვე იყო ცნობილი. პრეზიდენტმა იცოდა, რომ ასეთი სახით წარმოდგენილ კონსტიტუციურ კანონპროექტს ჩვენ მხარს ვერ დავუჭერდით,“-განაცხადა გიორგი კახიანმა.

ბონუსებისა და ბლოკების საკითხის ვენეციის კომისიის რეკომენდაციებთან შესაბამისობაში მოყვანას „ქართული ოცნება“ დამოუკიდებლად აპირებს. საპარლამენტო უმცირესობაში კი მმართველ გუნდს კვლავ პოზიციის გადახედვისკენ მოუწოდებენ.

 „უამრავი შენიშვნა გვქონდა კონსტიტუციის მიმართ ჩვენ, ისევე როგორც პრეზიდენტს, მაგრამ მხოლოდ ის შენიშვნები იქნა ასახული პრეზიდენტის მიმართვაში, რომელიც კიდევ ტოვებდა იმედს, რომ მმართველი ხელისუფლება მოეგებოდა გონს და არ მიიღებდა ისეთ კონსტიტუციას, რომელიც შეუშლიდა ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას ხელს,“-აცხადებს ენმ-ს წევრი რომან გოცირიძე.

რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები ხვალ გადის. „ევროპული საქართველოს“ წევრები ამბობენ, რომ მხარს პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს დაუჭერენ.

„ჩვენ როგორც კომიტეტზე, ისე პლენარულ სხდომაზე დავუჭერთ მხარს ამ მოტივირებული შენიშვნების განხორციელებას,“-აცხადებს ლევან თარხნიშვილი.

დღის ამბები