20 ნოემბერი 2024,   21:35
ვრცლად
"გიყურებთ და საცოდაობით ვიწვები..." - ურთიერთბრალდებები მმართველ გუნდსა და ანა დოლიძეს შორის

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს მხარი არ დაუჭირა. „ქართული ოცნების“ წევრების თქმით, პრეზიდენტის ვეტოს ხვალ აუცილებლად დაძლევენ. კონსტიტუციის პროექტთან დაკავშირებული მოტივირებული შენიშვნები დეპუტატებს გიორგი მარგველაშვილის საპარლამენტო მდივანმა, ანა დოლიძემ წარუდგინა. განხილვა ხმაურიანი იყო. დარბაზში პოლიტიკური ურთიერთბრალდებები ისმოდა.

ანა დოლიძეს "ქართული ოცნების" წევრმა, ანრი ოხანაშვილმა მიმართა, რომ მისგან ირონიული ტონი მოისმინეს. 

„სამარცხვინოდ გაკვირვებული ვარ თქვენი გამოსვლით, არ მგონია, გაგიხარდეთ. ველოდებოდი ელემენტარულ არგუმენტებს და მივიღეთ ირონიული, რიტორიკული, დამცინავი ტონი. მგონი თქვენ წარმოდგენა არ გაქვთ, სად იმყოფებით, თქვენი სტატუსი როგორია. ოპოზიციურ პარტიაში ხომ არ ხართ გაწევრიანებული?“ - მიმართა ანრი ოხანაშვილმა ანა დოლიძეს.

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა კი, მმართველი გუნდის წევრს მიმართა, რომ ის არასდროს ყოფილა რომელიმე პარტიის წევრი.

„ბევრი ადამიანისგან განსხვავებით, მე არასდროს ვყოფილვარ რომელიმე პარტიის წევრი და არასოდეს გავმხდარვარ რომელიმე პარტიის წევრი, რომ ბოლო ნომრად შევსულიყავი საქართველოს პარლამენტში,“ - განაცხადა ანა დოლიძემ.

გიორგი მარგველაშვილის საპარლამენტო მდივანს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ვანო ზარდიაშვილმა მიმართა.

„ქალბატონო ანა, სირცხვილია. თქვენ ხართ კვალიფიციური იურისტი, გიყურებთ და საცოდაობით ვიწვები, როგორ უხერხულ მდგომარეობაში ხართ პრეზიდენტის უაზრო მოტივირებული შენიშვნების გამო. თანაგიგრძნობთ, თქვენ ადგილას ყოფნას არ ვისურვებდი,“ - განაცხადა ვანო ზარდიაშვილმა.

ანა დოლიძის თქმით, საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა შეურაცხმყოფელი განცხადებები გააჟღერეს.

„თქვენი შეურაცხყოფებიც არ იყო სამართლიანი. ძალიან გთხოვთ, იმუშავეთ თქვენი მუნდირის შესაბამისად,“ - აღნიშნა ანა დოლიძემ.

პოლემიკაში ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძეც ჩაერთო.

„არ უნდა იკადროთ, ძალიან ცუდად გამოგდით, ის, რასაც აკეთებთ. შეურაცხყოფად აღიქვამთ პარტიულ კუთვნილებაზე კითხვას და ბოლო ნომერს უსვამთ ხაზს, არ შეიძლება, უხერხულია,“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ოპოზიციის წევრებმა მმართველი გუნდი საკონსტიტუციო ცვლილებებისა და პრეზიდენტისადმი დამოკიდებულების გამო გააკრიტიკეს.

„ჩემთვის გაუგებარია უმრავლესობის წარმომადგენლების ვეტოთი აღშფოთება, რომლებმაც საკონსტიტუციო პროცესი აბსურდულობის უნახავ საფეხურზე შეიყვანეს,“ - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა.

ოპოზიციაში ამბობენ, რომ მმართველი გუნდი ცდილობს, საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესების გადაფარვას.

„საკონსტიტუციო პროცესი გვიჩვენებს, ერთის მხრივ, აღიარებას, მათ შორის მმართველი გუნდის მხრიდან, რომ მიღებული კონსტიტუციის ტექსტი არ ვარგა და მეორეს მხრივ, მცდელობას ამის გადაფარვის, პრეზიდენტის პოზიციის და მისი პიროვნების პრინციპული მიუღებლობის ჩვენებით დღევანდელ სხდომაზე,“ - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ირაკლი აბესაძემ.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები