კონსტიტუციის ახალ პროექტთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს პარლამენტი, პლენარულ სხდომაზე დღეს განიხილავს. 10 წუთით ადრე დეპუტატები ბიუროს სხდომაზე შეიკრიბებიან, საკონსტიტუციო რეფორმის ბოლო ეტაპი კი, 11:00 საათზე უნდა დაიწყოს.
საპარლამენტო უმრავლესობა გიორგი მარგველაშვილის პოზიციის გაზიარებას არ გეგმავს და ვეტოს დასაძლევად ემზადება, რისთვისაც 113 ხმის მობილიზება სჭირდება.
“პრეზიდენტმა ვერ შეათანხმა ოპოზიციასთან, შესაბამისად, მან საკუთარ ვეტოში ასახა საკითხები, რომელზეც ჩვენ შევთანხმდით, თუმცა ასევე ვეტოში მოცემულია ის საკითხები, რომელსაც მხოლოდ და მხოლოდ ოპოზიცია აყენებს, რომ კონსენსუსი არ იქნას მიღწეული. დარწმუნებული ვარ, რომ ვეტოს დაძლევის შემდეგ, ჩვენ გვექნება კონსტიტუცია, რომელიც ყველა მოქალაქეს საქართველოში, ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოადგება,“ - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია ”ქართული ოცნების” წევრმა არჩილ თალაკვაძემ.
პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები მმართველმა გუნდმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტზეც ჩააგდო. მიუხედავად ამისა, ოპოზიცია „ქართულ ოცნებას“ ბოლო შანსის გამოყენებისა და კონსენსუსისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს.
„ისინი აპირებენ ვეტოს დაძლევას, რისი ფიზიკური შესაძლებლობაც ხმების რაოდენობიდან გამომდინარე აქვთ, თუმცა თუ ოდნავ მაინც აინტერესებთ მათ ჩვენი ქვეყნის მომავალი, ეს არ უნდა გააკეთონ, არ უნდა შექმნან ბიძინა ივანიშვილის სახელმძღვანელო, თუ როგორ შეინარჩუნოს ძალაუფლება, არამედ უნდა გამოიყენონ ეს ბოლო შანსი იმისთვის, რომ დაიწეროს კონსესუალური კონსტიტუცია,“ - ამბობს პარლამენტის ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობის” მდივანი თინა ბოკუჩავა.
ოპოზიციურ პარტიებში აცხადებენ, რომ პრეზიდენტის ვეტოს გაზიარება 2020-ში სამართლიანი არჩევნების ჩატარებისთვის ერთადერთი გზაა. კონსტიტუციის არსებული რედაქციით მიღების შემთხვევაში კი, პოლიტიკოსების განცხადებით, ქვეყანას ერთპარტიული მთავარი კანონი ექნება.
„პროცესის ბოლოში ერთ მხარეს დარჩა მხოლოდ „ქართული ოცნება“, მეორე მხარეს ქართული საზოგადოება, მათ შორის პოლიტიკური პარტიები, საქართველოს პრეზიდენტი. სამწუხაროდ, „ქართული ოცნება“ ცდილობს ჩაებღაუჭოს ხელისუფლებას, აზიანებს ამით ქვეყნის იმიჯს,“ - აცხადებს ფრაქცია ”ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის” წევრი ირაკლი აბსესაძე.