20 ნოემბერი 2024,   21:47
ვრცლად
ოპოზიცია და მმართველი გუნდი საოლქო საარჩევნო კომისიებში შესაძლო ნეპოტიზმს აფასებენ

ოპოზიცია და მმართველი გუნდი საოლქო საარჩევნო კომისიებში შესაძლო ნეპოტიზმს აფასებენ. ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ნეპოტიზმის ფონზე დემოკრატიული არჩევნების ჩატარება შეუძლებელია.

მმართველ გუნდში კი აღნიშნავენ, რომ დაშვებულია, საარჩევნო სუბიექტს ჰყავდეს მისი წარმომადგენელი საოლქო საარჩევნო კომისიებში.

პარლამენტის ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მდივანი, თინათინ ბოკუჩავა საარჩევნო კომისიებში მაღალი თანამდებობის პირების ოჯახის წევრების დასაქმებას კრიტიკულად აფასებს.  

„ასეთი საარჩევნო კომისიები ვერ ჩაატარებენ დემოკრატიულ, სამართლიან, ნორმალურ არჩევნებს,“ - განაცხადა თინათინ ბოკუჩავამ.

"ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის” პოლიტიკური საბჭოს წევრი, ლევან თარხნიშვილი კი, უფრო დიდ პრობლემად ხედავს იმაში, რომ ახლობლების დასაქმების გამო, კვალიფიციური კადრები კომისიების გარეთ რჩებიან.  

პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნება - კონსერვატორების” თავმჯდომარე, გიგა ბუკია აღნიშნავს, რომ ნებისმიერ კანდიდატს შეუძლია თავის წარმომადგენლობა ჰყავდეს საოლქო კომისიაში. მისი თქმით, ეს ფაქტი არჩევნებზე ვერანაირ ზეგავლენას ვერ მოახდენს.

„კურიერის“ მიერ მოპოვებულ დოკუმენტებში საოლქო საარჩევნო კომისიებში სავარაუდო ნეპოტიზმის ფაქტებია ასახული. დოკუმენტებით ირკვევა, რომ საოლქო საარჩევნო ადმინისტრაციების ხელმძღვანელები ერთმანეთის ოჯახის წევრებს ასაქმებენ.

დღეს, ცესკოს თავმჯდომარე სიუჟეტში გასულ ფაქტებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს არის კონკრეტული პარტიის მიერ დაწერილი სცენარი, რაც მისი თქმით, მიზნად ცესკოს იმიჯის შელახვას ისახავს. 

დღესვე, ცესკოს თავმჯდომარე "ენმ"-ის წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა ნეპოტიზმში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ თამარ ჟვანიამ შვილი ცესკოში დაასაქმა. 

დღის ამბები