20 ნოემბერი 2024,   21:29
ვრცლად
კითხვებს პასუხები არ გაეცა, რაც არის სამწუხარო პრაქტიკა - ირაკლი კობახიძე ანა დოლიძეზე საუბრობს 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს დეპუტატთა კითხვებზე თავის არიდებაში ადანაშაულებს. განცხადება ირაკლი კობახიძემ პარლამენტში, პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების განხილვისას გააკეთა.

პარლამენტის თავმჯდომარემ თქვა, რომ დღეს ანა დოლიძემ მმართველი გუნდის რამდენიმე დეპუტატის განცხადებას არ უპასუხა, რაც მისივე თქმით, სამწუხარო პრაქტიკაა.

“ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა დასვა შეკითხვა, ბატონმა გია გაჩეჩილაძემ, ბატონმა მამუკა მდინარაძემ და მათ კითხვებს პასუხები არ გაეცა, რაც არის ბუნებრივია, სამწუხარო პრაქტიკა,” - განაცხადა კობახიძემ.

ირაკლი კობახიძემ დებატების დასრულების შემდეგ შემაჯამებელი განცხადება გააკეთა. კობახიძე ანა დოლიძის მიერ გაკეთებულ იმ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც საპარლამენტო მდივანმა თქვა, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები, ვენეციის კომისია, აკრიტიკებენ კონსტიტუციის ახალ პროექტს.

“ევროკავშირის დასკვნას წაგიკითხავთ, ევროკავშირის წარმომადგენლობა იზიარებს ვენეციის კომისიის გუშინ გამოქვეყნებულ დასკვნას, რომელიც დადებითად აფასებს საკონსტიტუციო რეფორმას. ეს არის ევროკავშირის დასკვნა, რომელიც არასწორად იყო ციტირებული და საუბარია ასევე ვენეციის კომისიაზე, ამიტომ იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ ნდობა საერთაშორისო ინსტიტუტების მიმართ, მნიშვნელოვანია მათი დასკვნების სწორად ციტირება,“ - განაცხადა კობახიძემ.

ამავე თემაზე
დღის ამბები