პარლამენტი ბიუჯეტის საკომიტეტო განხილვებს დღეს დაასრულებს. მთავარი საფინანსო დოკუმენტის პროექტს მხარს არ უჭერს ოპოზიცია. დეპუტატების განცხადებით, ბიუჯეტი „ქართული ოცნების“ ინტერესებზეა მორგებული.
„ეს არის ბიუჯეტი, სადაც პენსიები კვლავ არ იზრდება, სადაც მილიონობით ლარი ისევ იხარჯება პრემიებზე, დანამატებსა ადა ბიუროკრატიულ არასაჭირო ხარჯებზე,“ - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თინათინ ბოკუჩავამ.
მმართველ გუნდს ოპოზიცია ბიუროკრატიული ხარჯების შემცირებასა და პენსიების მატების ასახვას სთხოვს.
„პენსიები არ მატულობს, არ მატულობს არც შშმ პირებისთვის, რომელთაც გაცილებით ნაკლები აქვთ, ვიდრე 180 ლარი, არ იკლებს ის ბიუროკრატიული ხარჯები, რაზეც ამდენი ხნის განმავლობაშ ვსაუბრობდით,“ - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიგი წერეთელმა.
საპარლამენტო უმრავლესობის შენიშვნები კი ცნობილი დღეს უნდა გახდეს. სხდომა იურიდიულ და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტებში გაიმართება, რის შემდეგაც დოკუმენტის პირველად ვერსიას მთავრობას დაუბრუნებენ.
პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე ამბობს, რომ ინფრასტრუქტურის, ჯანდაცვისა და განათლების სამინისტროს ხარჯები იზრდება.
აღმასრულებელ ხელისუფლებას შესწორებების შესატანად დრო 14 ნოემბრამდე ექნება, ბიუჯეტზე კენჭისყრა კი, პლენარულ სხდომაზე დეკემბერში უნდა გაიმართოს.