20 ნოემბერი 2024,   21:29
ვრცლად
თბილისის საკრებულოსთან დაკავებული პირების სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება

თბილისის საკრებულოსთან დაკავებული პირების სასამართლო პროცესი დღეს განახლდება. მოსამართლემ წინა პროცესზე მერიას აქციის ამსახველი სათვალთვალო ვიდეო კამერების ჩანაწერების წარდგენა მოსთხოვა. სწორედ ეს გახდა სხდომის გადადების მიზეზიც.

„ნაციონალური მოძრაობის დეპუტატობის კანდიდატები, წევრები და აქტივისტები 10 ოქტომბერს დააკავეს, ისინი საკრებულოს მიერ ბიძინა ივანიშვილისთვის მიწის ორი ნაკვეთის გადაცემას აპროტესტებდნენ. „ენმ“-ის ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატი კოტე იოსელიანი ამბობს, რომ მისი დაკავება საარჩევნო კამპანიაში ხელის შეშლას ისახავდა მიზნად.

 “ჩემი დაკავებით ვერავის შეაშინებდნენ, ეს კონკრეტული ფაქტი მიზნად ისახავდა იმას, რომ ჩემთვის ხელი შეეშალათ წინასაარჩევნო კამპანიაში. იმედს ვიტოვებ, რომ სასამართლო ამჯერად მოახერხებს პოლიტიკური პროცესებისაგან დისტანცირებას, მიიღებს ადეკვატურ გადაწყვეტილებას,“ - განაცხადა კოტე იოსელიანმა.

გამამართლებელ განაჩენს ელოდება დაკავებულების ადვოკატი. გოგა ონიანი ამბობს, რომ თბილისის საკრებულოსთან აქციაზე დაკავებულების მიერ სამართალდარღვევას ადგილი არ ჰქონია.

„არანაირ სამართალდარღვევას რეალურად ადგილი არ ჰქონია. ეს იცის როგორც პოლიციამ, ასევე საზოგადოებამ და იცის მოსამართლემ, რომელმაც ეს საქმე უნდა განიხილოს. შესაბამისად, დარწმუნებული ვარ, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება იქნება გამამართლებელი, ანუ დაადგენს სასამართლო, რომ არანაირ სამართალდარღვევას ადგილი არ ჰქონია,“ - აცხადებს ადვოკატი გოგა ონიანი.

6 ადამიანს წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისთვის დაუმორჩილებლობაში ადანაშაულებენ.

დღის ამბები